ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ემოციები და შევხედოთ, შსს-ს კადრებით რა გახდა ცნობილი:
– სახელმწიფო უთვალთვალებს მოქალაქეებს;
– თუ სურვილი აქვთ, ერთ დღეში შეუძლიათ ყველა მასალა შეაგროვონ ვინმეს დისკრედიტაციისთვის;
– თუ სურვილი აქვთ გამოიძიებენ საქმეს და ასობით მოძალადეს დააკავებენ 53 ჟურნალისტის ცემისთვის; უბრალოდ არაა ამის სურვილი;
-თუ სურვილი აქვთ ბაჩალიაშვილის ლოკაციასაც დაადგენდნენ და არ ‘ეძებდნენ’ 3 დღე, აფგან მუხთარლი რამდენიმე კამერაზე მაინც დაფიქსირდებოდა ასობით კილომეტრის გავლისას;
– იციან სად იყიდება ნარკოტიკები;
– ნარკომოვაჭრეებს არ აკავებენ, მათ სახლთან კამერებს აყენებენ;
– ანუ სახელმწიფო მფარველობს ნარკოდილერებს და მოჩვენებით სპეცოპერაციებს ატარებს გარკვეულ უბნებში რამის გადასაფარად პერიოდულად;
-ნარკოტიკების გასაღებაზე გამოძიება არ იწყება, მხოლოდ ფილმები მზადდება, ისიც უხარისხო;
– კერძო პირების თუ ე.წ. სააგენტოების მეშვეობით ავრცელებს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც მხოლოდ სახელწიფოსთვისაა ცნობილი და მისი გამჟღავნება კანონის დარღვევაა და დასჯადია, და ეს გავრცელება არა დანაშაულის გამოძიებას, არამედ პირის დისკრედიტაციას ემსახურება;
-მსგავსი ინფორმაცია აქვთ სავარაუდოდ ბევრ ადამიანზე და საჭირო დროს ვრცელდება, არაერთი მსგავსი ფაქტი გვახსოვს წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს;
– ამ ყველაფერში იხარჯება გადასახადის გადამხდელის რესურსი, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს კრიმინალს, დაიცვას მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შავ პიარში მიდის უზარმაზარი რესურსი;
-ამ ყველაფრის გაკეთება მაღალი თანამდებობის პირების გარეშე შეუძლებელია და ეს არაა რომელიმე პოლიციელის თვითშემოქმედება;
– ეს სისტემა წლებია არსებობს, და იგივე ხდება ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საბჭოთა მილიცია და კგბ-ს სკოლა ისევ მუშაობს; იგივე ხალხი ემსახურებოდა სისტემას და განაგრძობს ასე მუშაობას.
რატომ არ ხდება ლუსტრაციის პროცესის დაწყება და საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა წარსულის გადაფასება, და ვერ გამოვდივართ ჩაკეტილი წრიდან, ალბათ ესეც ნათელია მგონი.
უჩა ნანუაშვილი; საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი;