გია ცეცხლაძე – “ავთანდილ თალაკვაძეს მხოლოდ ერთს ვეტყვი, ოზურგეთში ადამიანური ურთიერთობები ყველაზე ძვირად ფასობს!

როგორც კი “ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთის მერობის კანდიდატად ავთანდილ თალაკვაძე ოფიციალურად წარადგინა, ოპერატიულად შექმნეს ახალი მედია პლატფორმაც, რომლის პირდაპირი დავალება, როგორც ირკვევა, არა მხოლოდ „ოცნების“ კანდიდატისთვის ხოტბის შესხმა, არამედს ოპოზიციური კანდიდატების მისამართით ტალახის სროლაა.
ამ დღეებში, აღნიშნულმა მედიამ მათ შორის, ამ ეტაპზე, ყველაზე გამოკვეთილი კონკურენტის- პარტიის ‘საქართველოსთვის” კანდიდატის გია ცეცხლაძის მისამართით გაავრცელა, ვითომდა „მაკომპრომატირებელი“ მასალა.
„ოცნებისგან“ ბინძური კამპანიის წარმოება და ამით ფონს გასვლის მცდელობა აღარ არის ახალი, ბოლო პერიოდში კი, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს საკუთარი გუნდის ყოფილი ლიდერის და მისი ახლადშექმბილი პარტიის მიმართ.
საზოგადოებაში აქტიურად გვესმის ხელისუფლების მისამართით გამოთქმული უკმაყოფილება და წუხილი, მათ შორის, უშუალოდ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ოზურგეთში ძალიან გაუკვირდათ. გაუკვირდათ ის, რომ თურმე კონკურენციას შეუძლია უარი გათქმევინოს ყველაზე მთავარზე – ადამიანური ურთიერთობის შენარჩუნებაზე. რას ითხოვს ავთანდილ თალაკვაძე მის მეგობარ გია ცეცხლაძისგან, რომელსაც მისი პიარისთვის სახელდახელოდ შექმნილი საიტი განსაკუთრებული აგრესიით მოიხსენიებს, ამ კითხვით „გურიის მოამბე“ პარტია „საქართველოსთვის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატ, გია ცეცხლაძეს დაუკავშირდა და მისი შეფასება მოისმინა:
„მართალი გითხრათ, არანაირი სურვილი არ მქონდა ამ საკითხს შევხებოდი, რადგან ჩემთვის ადამიანური ურთიერთობები და რაც მთავარია, ღირსება გაცილებით მაღლა დგას…
პირველ რიგში, გამოვთქვამ წუხილს, რომ ჩემი ოზურგეთის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, პირველი განცხადება ჩემი მისამართით გაკეთებულ ცილისმწამებლურ მასალაზე მიწევს.
პირადად ჩემთვის, ორმაგად სამწუხაროა, რომ მიწევს ვუპასუხო იმ ადამიანს, რომელთანაც წლებია მეგობრული ურთიერთობები მაკავშირებდა.
აქ მე არ შევეხები იმ შეურაცხმყოფელ პათოსს, რაც ბატონი ავთანდილ თალაკვაძის განცხადებებში იკითხება.
აქვე ვაცხადებ, რომ ეს იქნება ჩემი მხრიდან პირველი და უკანასკნელი, როცა ასეთ ქმედებებზე ვაკეთებ კომენტარს:
ორმაგად სამწუხაროა, რომ ბატონმა ავთანდილმა ხაზი გადაუსვა ჩვენს ამდენ წლიან მეგობრობას და სახელითაც კი ვერ მომიხსენია… ვფიქრობ, აქ უკვე ზედმეტია სხვა თემაზე საუბარი.
ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როცა ჯერ კიდევ განიხილავდნენ პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატად ჩემ წარდგენას, მასთან მქონდა მეგობრული კომუნიკაცია თემაზე – აპირებდა თუ არა ის ოზურგეთის მერობისთვის ბრძოლას, რაზეც მან კატეგორიული უარით მიპასუხა.
მე მას მხოლოდ ერთს ვეტყვი – ოზურგეთში ადამიანური ურთიერთობები და ღირსება ყველაზე ძვირად ფასობს.
მე არ ვაპირებ ვინმესთვის ტალახის სროლას და ამ გზით სიარულს და მინდა ეს სხვებსაც მოვუწოდო-ვაჩვენოთ ოზურგეთს ღირსეული არჩევნები საქართველოსთვის!“ – გვითხრა ცეცხლაძემ.
ოზურგეთის მერობის კანდიდატის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება არც მისი სამსახურიდან წამოსვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც ვკითხულობთ, რომ მან სამი თვის წინ დატოვა თანამდებობა და ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც გვაწვდის.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share