“დარეჯანი ვარ შევარდნაძე, 83 წელი შემისრულდება ფერცვალობას”-ზურა შევარდნაძე

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულება
დარეჯანი ვარ შევარდნაძე, 83 წელი შემისრულდება ფერცვალობას.
საგარიოთ ვილაპარაკო თუ შინაურულათ? თუ იწერთ საგარიოს ვიტყვი.
ჩემი თავის დანახვა არ მინდა, სარკეზე აფარებული მაქვს, რომ არ შევხედო შემთხვევით.
დედაჩემი ბასილეთიდან თავართქილაძის ქალი იყო, მამაჩემი ამბერკი შევარდნაძე, აზნაური ივლიანე შევარდნაძის შვილი. ჩემი ბებია თავდგირიძის თავადის ქალი ძიმითიდან, მეორე ბებია ისიც თავადის მიქელაძის ქალი.
შევარდნაძეები მოსული ვართ სამხრეთ საქართველოდან, იმასაც ამბობდენ უგრეხელიძეები ვართო. ორი ძმაი მოსულა და გამრავლებულა. ყოფილა შევარდენა უგრეხელიძე, ამაყი ახალგაზრდა კაცი, გურიელს ხლებია სანადიროთ. ცხენზე მჯდარან, დიდ თავადს ჩიბუხი გავარდნია ხელიდან, უბრძანებია მომაწოდეო. ჩამობრძანდი და თითონ აიღეო შევარდენას მიუგია. აზნაურობა გურიელს უბოძებია შევარდენასთვის და გვარად შევარდნაძე მიუციაო. კიარ მიაწოდა ტალახში გადააგდოო, გამეიარა და წამოვიდა, აგერ დასახლთა ტყეშიო, ასეთი ვერსიაც არსებობს.
ჩოხატაურში იყო ერისთავების სასახლე, დეკორატიული მცენარეების ბაღით, ვენახებით, კარგი ადგილია. წვეულებაზე ბაბუას ეპატიჟებოდა ერისთავი თურმე თამადად. გასულა სუფსაზე ცხენით ბაბუა, აზნაური ივლიანე შევარდნაძე. ეს თავადების ჭიშკარიაო არ შეუშვიათ, აზნაურები სხვა ჭიშკრიდან შედიანო. ხოოო იყოს ასეო, სწყენია და მობრუნებულა უკან. დაწევიენ სუფსაზე გამოსულს და მიუბრუნება უთხოვიათ, აღარ მიბრუნებულა.
მთელ გურიაში პირველი და ყველაზე ძველი სასოფლო ბიბლიოთეკა ჩვენთან იყო ასკანაში, დიდი წვლილი აქვს ბაბუას ამ საქმეში. მერე დათიკო სირაძე უძღვებოდა, ბიბლიოთეკას და კლუბს. მოსული სტუმრები იტყოდენ ეს უფრო მეტია, აკადემიააო.
მამაჩემი ფოტოგრაფი იყო, ამ ახლო მახლო სოფლებში რომელ ოჯახში უნდა შეხვიდე ყველგანაა მამაჩემის გადაღებული სურათი, აწერია ყველას ” ფოტო ამბერკი შევარდნაძის”..
ღარიბი კი ვიყავით მარა დაღამება გვიხაროდა, თავს ვიყრიდით კერასთან, დედა უსწავლელი იყო მარა სამივე შვილს გვასწავლა, ყველა ვმღეროდით, ვკითხულობდით. რომ ვკითხულობდი მეტყოდა გამაგონე ნენა, მეც გამაგონეო ხმამაღლა წაკითხვას მთხოვდა. კინოში, უკვე მოხუცი, ჭრაქით გაგვიძღვებოდა მივიდოდით და ვნახავდით კინოს თემში.
მეზობელი შენი გულობიზა ცეცხლში ჩადგებოდა, რით მოგშველებოდა ყველა იმას ფიქრობდა, საუკეთესო კუთხე გვქონდა საუკეთესო..
ჩვენი, ასკანის სკოლა დავამთავრე, მასწავლებლები გვყავდა ძალიან კარგი, ნიჭიერები, ნორა კალანდაძე, ელენე ტყეშელიაძე, ნინო ხიტირი მათემატიკას გვასწავლიდა და რა სასწაულია ლიტერატურა მან შეგვაყვარა. გაკვეთილზე მკაცრი იყო თავს ვერ მოაბრუნებდი, სკოლის მერე გვიყვებოდა წაკითხულ წიგნებს, ამბვებს, ჩაში მივყობოდით, ვეხმარებოდით კრეფაში, ოღონდ კი მოეყოლა რამე, დაბალიეწერში ქონდა ჩაის ფართობი. უხაროდა რომ გვაინტერესებდა და გვიყვებოდა, საკითხავს გვირჩევდა და გვაძლევდა. ხუთოსანი არ ვიყავი, მასწავლებლებს ვუყვარდი, ვთამაშობდი სცენაზე, ვცეკვავდი, ვმღეროდი ვკითხულობდი, ლექსს ვკითხულობდი, ლექსს ვწერდი არაა ბედნიერება?
24 ვსწავლობდით კლასში 14 კარგოსანი და ფრიადოსანი ვიყავით, ყველამ უმაღლესი დაამთავრა, ცაცა ჯაველიძე, როლანდი ჭეიშვილი, მზივინარ ჯაველიძე, ციური ნაცვალაძე, შოთა ვაშალომიძე იყვენ ჩემი თანაკლასელები. ბევრი აღარ ვართ დარჩენილი, გამოსამშვიდობებელი სიტყვაც ვუთხარი გუშხამ მზევიას, გავაცილე ბოლო გზაზე.
სკოლის დირექტორი იყო კაპიტონ ჯაველიძე, სწავლის გაგრძელება კი მინდოდა მარა არ იყო ამის საშუალება, ღარიბი ოჯახი გვქონდა, ვიცოდი ჩემი მშობლების სიგრძე სიგანე და ვიყავი ჩუმად. დამიძახა კაპიტონმა, ჩას ვკრეფდი დედასთან ერთად, დაიწყებ მუშაობას სკოლაშიო? გამიკვირდა, პიონერხელმძრვანელად დამნიშნა და იმ დღიდან ყოველ დღე მეუბნებოდა დარეჯან, უნდა წახვიდე ისწავლოო. გამომარჩია, მხარი დამიჭირა მას ვუმადლი, რომ წავედი. უმაღლესში ჩასაბარებლად, რომ ჩავედი ბათუმში ნამყოფი არ ვიყავი. მძღოლმა საიდან მიგიყვანოო, რომელ კარებთანო, არ ვიცოდი რა მეპასუხა საიდანაც შედიან იქ მიმიყვანე მეთქი ვუპასუხე.
ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტში ვისწავლე. ახლა პედაგოგებს რომ ამზადებდეს ასეთი სასწავლებლები აღარაა, იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად.
63 წელს დავიწყე მუშაობა სკოლაში.
ერთი დღე სკოლის გარდა არსად არ მიმუშავია 43 მანეთი მქონდა ხელფასი. ჩასაც ვკრეფდი, ბევრი მეჩაიე ვერ კრეფდა იმდენს, სხვანაირად მასწავლებლის ხელფასით ვერ იქნებოდა ოჯახი. მაშინ ოთხასი ბავშვი იყო სკოლაში ახლა ასიც არაა.
ბევრი დამიყენებია გზაზე, ზოგს მიშველება სჭირდება. ამ ბოლოს მყავდა ერთი მოწაფე, ნახევარი სახე დამწვარი ჰქონდა, მთელ ლოყას მოიშვერდა საკოცნელად მე ნატკენ ლოყაზე ვაკოცებდი ისე მიყვარდა. არ ვიცი რატომ, ნიჭიერს იმწუთას აღმოვაჩენ, ორი დღე არ მჭირდება ვუყურო და ვიცი ვისი გზა საით მივა. თუ აინტერესებს დანარჩენი თავისით იქნება. ნიჭიერების დანახვაა მთავარი მასწავლებლის თვისება. მოსწავლისთვის ნიჭიერებასთან ერთად სურვილი, ცოდნის მიღების სურვილი და ნებისწოფა საქმე, სწავლისთვის რომაა საჭირო იმდენი ნებისყოფა. ურთერთობებით შეიძლება, სწორ ადამიანებთან ურთიერთობებითაც შეიძლება მიიღოს ბავშმა ცოდნა.
შემეძლო წავსულიყავი, ვერ გავიმეტე აქაურობა დასატოვებლად. მოწესრიგებული მქონდა ეზო, კარი. არაფერი სჯობდა ამ სახლში შემოხედვას. ყველაფერი იყო სოფელში რაც სჭირდებოდა ადამიანს, რამდენი დაწესებულება მუშაობდა. ავადსახსენებელიო იტყვიან კომუნისტურ დროზე რავიცი, ასეა ნეტა?
ნუნუ ვაშალომიძე მყავს მეგობარი, ისიც პედაგოგია. არ დამეძინება ხან გვიანობამდე, რამეს ვერ გავიხსენებ, დაურეკავ , ვკითხავ, იმას უკეთესი ბიბლიოთეკა აქვს , ჩახედავს მიპასუხებს, მეტყვის რამ გაგახსენა ამ შუა ღამეზეო, გამიწყრება, გამიჯავრდება დაიძინე გვიანიაო. მიყვარს ჩემი ნუნიე.
55 წელი ვიმუშავე სკოლაში. კი ამბობენ წინ მივდივართო, მარა თუ რამე დამეჯერება განათლების საკითხი უკან მიდის. ზოგჯერ მელოდებოდა ოჯახი, ბავშვი ჩემს კლასში რომ მოხვედრილიყო, ერთ წელს გააცდენიებდენ.. სკოლიდან წამოსვლა ძალიან გამიჭირდა, ვსაქმობ შინ და ყურში სკოლის და ბავშვების ხმა მესმის მაინც, სხვანაირი ხმები აქვს სკოლას. საკუთარი შვილი არ მყავს და განურჩევლად მიყვარდა ყველა ჩემი მოწაფე. მასწავლებელს პირველ რიგში მოწაფე უნდა უყვარდეს. უნდა სჯეროდეთ ბავშვებს მისი, თუარ სჯერა არ მოგისმენს, არ დაგემორჩილება. ცოდნა უნდა გქონდეს, მარტო სიყვარული არ კმარა, უცოდინარს გიყვარდეს და იყავი. ცოდნა და სიყვარული, უმთავრესი ამბავია სკოლაში და მგონი სხვაგანაც, ყველგან ალბათ. ისე გრძნობენ ბავშვები როცა გიყვარს, ისე გრძნობენ ვერ დაიჯერებ თუარ გინახავს. ყოფილა ისეც მშობელზე უფრო ჩემი სჯეროდა. 90 ბავშვიც მყოლია კლუბში, მარტო შევიდოდი და თვალებში მიყურებდენ, ვგრძნობდი მათაც ვუყვარდი. კარგი ღონისძიებები ჩამიტარებია. დათიკო სირაძე რომ გავაცილეთ პენსიაზე, დავწერე სცენარი, მოვამზადე პროგრამა, კულტურის სამინისტროდან იყვნენ ჩამოსული თბილისიდან, საოცარი გაცილება მოუწყვეთ.
მაშინ სასწაული იყო სოფელი, სცენის მოყვარეთა დასი გვქონდა, მხატვრული ბრიგადა, ლოტბარი ბევრი, ცეკვის სასწაული ანსამბლიო, სიმღერის გუნდიო.. სიცოცხლე დუღდა სოფელში, კინოს დღეში 5 ჯერ აჩვენებდენ. რამდენი ხანია კინო დიდ ეკრანზე აღარ მინახავს. ჩამქრალია სოფელი, ასკანის ამბვებს თუ ვყობი აღარ მგონია. მიკვდება გული ცენტრში რომ ავდივარ.
ჩვენს გვარში ჩემზე უხნესი აღარავინ აღარაა ასკანაში. რა გულდასაწყვეტია ვერ აგიწერ.
გაქრა ადამინებთან ურთიერთობა. მაგალითი აგერ, გარდამეცვალა ბიძიშვილი, ტირილში არ დამიძახეს, არ შემატყობიეს. ისე გული მომივიდა დავწყევლე, არ მიაწიეთ მის ხნემდე მეთქი. ისეთი ჩემი იყვენ ისეთი, რომ ჩამოსულიყო აგერ რომელიმე, ჩემს ეზოს და სახლს გავუყოფდი და მივცემდი ისე მიყვარდენ.
პირველ ადგილზე ფული დააყენა ადამიანმა. იოლი ჩემი საქმე არ ყოფილა, არასდროს იოლი გზა არ ამირჩევია, სხვისი საკეთებელიც ბევრი მიკეთებია, ღმერთია მოწამე. ახლა თავისას არ აკეთებს კაცი სხვისას კიარა.
მაწუხებს და მედარდება რომ არ ვტოვებ შთამომავალს, რამდენი სხვისი შვილი გავზარდე, ჩემი არ მყავს, გული მწყდება რომ მარტო დავრჩი “მარტოობაში რაა სიამე?” ჯოჯოხეთი დარჩა ჩემდა მარტოობა. მეზობლის ბავშვები მოდიოდენ ხან, ქალაქიდან იყვენ ჩამოსული, ლექსებს ვუკითხავდი, ნარდს ვეთამაშებოდი, წიგნებს ვაძლევდი, წავიდენ გუშინ, ვიტირე..
თბილისში, დიდუბეში რომ შედიოდა მატარებელი, გული მიბაგუნებდა, გარეთ გამოდიოდა შეყვარებულთან რომ მიდიხარ ისე.
ნათესავებთან, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა იყო? არ ვიცი აგერ რომ მოდიოდენ ჩვენსას იგი ნათესავები ასე არ შობოდა იი გული.
ბედნიერი ისაა გვერდით რომ ჰყავს საყვარელი ადამიანი, რომელსაც უყვარხარ და რომელიც გიყვარს. უბედურია ადამიანი არც შინ და არც გარეთ რომ არ უყვარს არიკაცს, რომ არ უხარია კაციშვილს შენი დანახვა, თავს, თვალს რომ აგარიდებს. ბაბუაშენი იყო ჩემი ზურაბი მაგფერი ნათელი, ხალისიანი, მიხაროდა მისი დანახვა ჩემი ზურიკონა ისიც დავკარგე.
ქალისთვის ბედნიერება კარგი ოჯახია. შევცდი , შვილი უნდა ამეყვანა და გამეზარდა, კარგ ქართელად გავზრდიდი, ასე მგონია კარგ ადამიანად. ვერ გავბედე არავინ არ შემიწყო ხელი. ამდენხანს თუ ვიცოცხლებდი არ მეგონა. ომიც მომიწია, შიმშილიც, ბევრი გაჭირება გამოვიარე. კაბა თუ მქონდა ჩექმა არ მქონდა, ჩექმა მქონდა პალტო არ მქონდა და ასე.. ღარიბი კაცის ამბავია.
მარტო ვარ ხშირად, ბევრი ფიქრისთვის მაქვს დრო. პასუხები არ მაქვს, ჩემს თავს ვეკითხები რაა ჩემი ცხოვრება? ვერ შევასრულე ოცნებები, გულდაწყვეტილი ვარ, ვერ გავაკეთე რაც მინდოდა.
დღიურის წერა დავიწყე. ვწერ ბევრს, მოგონებებია ალბათ უფრო. არასდროს არაფერს არ ვინახავდი, სულ კი ვწერდი.
შეცდომად ვთვლი, რომ გავთხოვდი 38 წლის. ფრიდონი სვანი იყო ჩეგიანი, ობოლი იყო შემოქმედში ცხოვრობდა, ბიძამ გაზარდა, კარგი სანახავი. შეგვიყვარდა ერთმანეთი და მაშინ არ გავყევი 20 წლის ვიყავი, ვსწავლობდი. მერე ფრიდონი წავიდა თავის გზაზე, შექმნა ოჯახი, რუსეთში ცხოვრობდა, ავარია მოუხდა, დაშავდა. მასზე არაფერი აღარ ვიცოდი. მიყვარდა კი სულ. ლამაზ კაბას რომ შევიკერავდი გავიფიქრებდი ნეტა სადმე შემხვდებოდეს მეთქი, შემხვდა კიდეც 17 წლის მერე ოზურგეთში პარადზე. ცოლს უკვე გაცილებული, ნაავარიები, ხელჯოხით. შემომთავაზა შევუღლებულიყავით, ძველ სიყვარულს ვეცი პატივი,არ ვუთხარი უარი, გავყევი.
33 წელი ვიცხოვრეთ ერთად. 33 გადაბრუნებული სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისათვის. ისიც დავკარგე.
ვნანობ რომ შვილი არ ავიყვანე და გავზარდე. არ უნდოდა მას და არ დავაძალე, ალბათ არც გამომივიდოდა დამერწმუნებია, სვანი კაცი იყო. მას ჰყავდა შვილი. დავემორჩილე და დავრჩი ასე მარტო. რაც შენი არაა სხვისიაო იტყოდა.
რომც წასულიყო ჩემგან ალბათ ასე აჯობებდა. მემკვიდრის გარეშე არაა გამართლებული ცხოვრება. ამ ალბომებს რომ ვინახავ და ვუვლი ჩემი წინაპრებისას, ჩემსას ვინ შეინახავს?
აგერ ღელეში ვნახე მოსროლილი იმფერი კაცის სურათი გული მეტკინა. სხვები დადგენ იმ სახლში.
მინდა ახლა მოგიყვეთ ცოტა, მეორე გზობა აღარ დაგხდეთ ეგება. ახალგაზრდობაში ნასწავლი არაფერი არ მავიწყდება, ძილი რომ გამიტყდება ჩემი მეგობრები ლექსებია, ვიმეორებ ჩემდა.
“ვარდრის ბუჩქს ჰგავხარ დიაცო,
ბულბული შეგყეფს ტიალსო,
სადაც შენ პირჯვარს გადიწერ
ნეტავ იმ ეკლესიაო.”
სული არ მომიხუცდა, რავქნა?
მული მყავს სვანი, ჩამოდის ჩემთან, საგალობლები მასწავლა, ვგალობთ. მრევლი არ ჰყავს ჩვენს ეკლესიას ასკანაში. დედეშ, დედეშ მირანგულა, სვანურსაც გამოვურევ ხან..
პირელად ჩემი მახსოვრობის მანძილზე მერეში 35 ჰექტარი ყანა დუუხნავი დარჩა. რას ნიშნავს ეს ამბავი? სოფლის დაქცევაა ასე მგონია. მეშინია, პირდაპირ მეშინია. სოფელმა უყანოდ რაფერ იარსებოს?
თვალს რომ გავახელ ჩემი ფანჯრიდან ბახმაროს მთები ჩანს, ამ მთებს ვუმადლი დღესაც სულს რომ ვითქუამ.
ქართული ლიტერატურა მგონია კარგად ვიცი, თამარიანი მაგალითად ზეპირად. აკაკის პოემები, მაგალითად ნათელა ზეპირად და ასე ბევრი, ბევრი.
“შენი სიყვარული სულში ჩავისახლე
ქვეყნად არც რა არის უფრო წმინდა,
ოღონდ დამიძახე, ოღონდ მიმსახურე
მე სხვა ამის მეტი არა მინდა.
როცა შენთვის ვიწვი
ეს მზე მაშინ მზეობს,
გულიდან მეცლებიან სევდა და ლოდები.
ჩემი საქართველოს უკეთესო დღეო,
როგორ გელოდები, როგორ გელოდები”
“ნიჭიერ კაცთა უყოლობა ქმნის ერს უღონოდ” ვოლტერს უთქვამს, ჩემი ნათქვამი არ გეგონოთ ჩემო საყვარლებო.
მთხრობელი: დარეჯან შევარდნაძე
ოზურგეთი, სოფელი ასკანა.
ხმა საარქივედ ჩაწერა ხატია მაღლაკელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share