ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში იმყოფება, აცხადებს, რომ ერთადერთი, რაზეც ხელისუფლებასთან დიალოგი უნდა დაიწყოს, ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.
როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებს.
“დიალოგი უნდა დაიწყოს, მაგრამ ეს დიალოგი უნდა იყოს ერთადერთზე რეჟიმთან – ხელახალ არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ჟვანიების ნასახი არ უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციაში. შემდეგ უნდა გადაწყდეს ნიუანსები – საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, ვინ ჩაატარებს, ეუთოს ეგიდით იქნება, ევროკავშირის თუ ადგილობრივი რესურსებით კომისიების შემადგენლობა, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იქნება ნახევრად სავალდებულო თუ ეს იქნება “გულიანკა” და ასე შემდეგ. როგორც საკუთარ ყურებს ვერ ნახავენ უსარკოდ, ისე ვერ გაიგებენ ჩვენგან ამ არჩევნების შედეგების აღიარებას”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პირველი შეხვედრა იმართება. შეხვედრას ქართული ოცნებიდან არჩილ თალაკვაძე ესწრება.