ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართვას ავრცელებს:
1. საქართველოს ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვის მიუხედავად ნამდვილად აქვს ამერიკის და ევროპის 32 ქვეყანაზე უფრო დაბალი COVID სიკვდილობის მაჩვენებელი, ე.წ. CFR (case fatality rate),, რაც კლინიკური მართვის ხარისხის მთავარი და უტყუარი მაჩვენებელია;
2. ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, COVID სასტუმროში) გარდაცვლილი COVID ავადმყოფების რაოდენობა ძალიან დაბალია, ბევრად დაბალი, ვიდრე ამერიკის და ევროპის ქვეყნებში;
3. COVID ახალი შემთხვევების და COVID აქტიური ავადმყოფების კატასტროფულად მაღალი რიცხვის მიუხედავად, საქართველოს ჯანდაცვა ახერხებს მათ მართვას სერიოზული ხარვეზების და ჩავარდნების გარეშე, რაც თავის დროზე, პიკის პერიოდში, ვერ მოახერხა ამერიკამ და ევროპის ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერმა ქვეყნებმა;
4. COVID ავადმყოფების კატასტროფულად მაღალი რიცხვის მიუხედავად საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე ნაკლები გარდაცვლილია, ვიდრე აშშ-ში და ბრიტანეთში;
როდესაც COVID ახალი შემთხვევების და COVID აქტიური ავადმყოფების რიცხვი ძალიან მაღალია, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევების მატებაც გარდაუვალია, რაც არ უნდა კარგი და ხარისხიანი კლინიკური მართვა იყოს. დღეს საქართველოში ძირითადი დარტყმა კლინიკურ სექტორზე მოდის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ადამიანების დანაკარგი რაც შეიძლება მინიმალური იყოს.
როდესაც გვეუბნებით, რომ ხმას არ უნდა ვიღებდეთ, როცა ქვეყანაში ამდენი გარდაცვლილი გვყავს იმიტომ, რომ თითოეული მათგანის უკან ასევე ოჯახები დგას, ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და თქვენზე მეტად განვიცდით. მაგრამ შეგახსენებთ, რომ საქმე გვაქვს საუკუნის უმძიმეს გამოწვევასთან, რომელმაც მსოფლიოში უკვე იმსხვერპლა 4.5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე, მარტო მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოში – აშშ-ში 648 ათასი ადამიანის სიცოცხლე და ყველა მათგანის უკან ასევე ოჯახები დგას. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ასეთი ტრაგედია საქართველოში რაც შეიძლება ნაკლებ ოჯახს შეეხოს და ის, რომ ამის საპასუხოდ ადამიანების ერთი (საბედნიეროდ ძალიან მცირე) ჯგუფისგან ლანძღვა-გინებას ვიღებთ, არაუშავს, მოვითმენთ,” – წერს ცერცვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.