14 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგა მე-14 ტურის მატჩებით განახლდა.
ჩემპიონატის მეორე წრეს გუნდები განალხებული შემადგენლობით შეხვდნენ და გამონაკლისი არც გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი, ჩოხატაურის ბახმაროა, რომელმაც ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვიქტორ ჰიუგო დაიმატა.
ცნობილი ფრანგი მწერლის თანამოსახელემ ლიგა 3-ში პირველი მატჩი სწორედ დღეს, სპაერის წინააღმდეგ ჩაატარა. ბრაზილიელი სასტარტოში იყო და 10-ნომრიანი მაისურიც მოირგო, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ ჰიუგო შეცვალეს.
28 წლის ბრაზილიელმა შემტევმა საკუთარი კარიერის და საქართველოში ჩატარებული სადებიუტო მატჩიც შეაფასა.
“შემიძლია თავდასხმაში და ნახევარდაცვაში თამაში. მაქვს პორტუგალიაში, აშშ-ში, ბოლივიაში და ლიეტუვაში ასპარეზობის გამოცდილება, გასულ წელს კი ბრაზილიაში ვთამაშობდი.
ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდი მაქვს, მაგრამ ვგრძნოობ, რომ აქაური ფეხბურთი განსხვავებულია იმ ქვეყნებისგან, სადაცა მითამაშია. საქართველოში ფეხბურთელები ბურთით უფრო ბევრს დარბიან, ბრაზილიაში კი უფრო მეტ პასს ვაკეთებთ.
დღეს რთული მატჩი გვქონდა, ლიდერს ვეთამაშებოდით, რომელიც ჯერ არ დამარცხებულა. მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ, მაგრამ მოგებაც შეგვეძლო, მომენტები გვქონდა. ბახმაროს ახალი ფეხბურთელები ჰყავს, კარგი გუნდი ვართ, რომელსაც სეზონის მეორე ნახევარში კარგი შედეგის ჩვენება შეუძლია”, – გვითხრა ჰიუგომ.
ბახმაროსა და გათამაშების ლიდერის, დაუმარცხებელი სპაერის შეხვედრა მოულოდნელი ანგარიშით, 1-1 დასრულდა. ჩოხატაურელთა რიგებში ჰიუგოსთან ერთად კიდევ ერთმა ლეგიონერმა, კანადელმა დანტემ ითამაშა, რომელიც ბახმაროს პირველი წრის ბოლოს შეუერთდა.