უცხო ენებიდან „გადმოგურულებული“ სიტყვები

უცხო ენებიდან „გადმოგურულებული“ სიტყვები და საგნების დასახელებები ადგილობრივი დიალექტის თავისებურებების გათვალისწინებით, ემოციური თვალსაზრისით ხშირ შემთხვევაში ზუსტად გადმოსცემს ამათუ იმ საგნის ან მოვლენის არსს, ჩემი აზრით ამ მხირვ ყველაზე უფრო საინტერესოა სიტყვებია – „ციანმკლავი“ და „სარტალ-მარტალი“.
„ციანმკლავი“ – ერთი ასაკოვანი მეზობელი მიყვებოდა: – სამოციან წლებში ვიღაცამ ციანმკლავით მდინარე სკურდუბი მოწამლა და უამრავი თევზი გაწყდაო. ვკითხე რას ნიშნავს ციანმკალვითქო – ციანისტი კალი (цианистый калий) ასე ეწერა პატარა კასრებს რუსულადო, რომელშიც ესხა მაი რაცხა ჯანდაბა იყო და ჩვენთან ციანმკლავს ეძახდნენო. არ იცოდნენ ზუსტად რა იყოო და იფიქრეს პაწა თევზს დევიჭირავთო და ქე ააქოთეს მთელი მდინარეო. აწრიალდა ყველაფერი, ხალხი თბილისიდან ჩამევიდა მაგ ამბის გამოსაძიებლადო. მაგის მერე გლახა ღვინოზე იძახოდნენ „ციანმკლავიაო“, კიდო წყევლაში იტყოდნენ შენ დალიე „ციანმკლავიო“.
„სარტალ-მარტალი“ – ადრე გურიაში მაღალი ადგილიდან გამოხტომის შემდეგ ჰაერში ამოტრიალებას და წყალში ჩახტომას „სარტალ-მარტალს“ ეძახდნენ, ეს გახლდათ იტალიური სალტო-მორტალე-ს (იტალ. salto mortale სასიკვდილო ნახტომი) გადმოგუ-რულებული ფორმა.
კახა ჩავლეშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share