ირაკლი ღლონტი: “ყოველთვის ვიცოდი, რომ დადგებოდა სახლში დაბრუნების დრო”

საიდან მოვდივარ

1986 წლის 28 ნოემბერს დავიბადე ოზურგეთში, გავიზარდე ბოხვაურში, ბაბუის, შოთა ღლონტის ოჯახში. ბაბუაჩემი სოფლის აგრონომი, ერთი მშრომელი, წესიერი კაცი იყო და მე ყოველთვის წინ მხვდებოდა მისი კაიკაცობა. დედაჩემის, ქეთი ტოროტაძის გადაწყვეტილებით ბოხვაურის სკოლაში შემიყვანეს. მისი არგუმენტი ის იყო, რომ იმ არეულ დროში ქალაქში სიარულს იქვე ახლოს, სოფლის სკოლაში სწავლა აჯობებდა. დედაჩემი შემოქმედის მუსიკალური სკოლის პედაგოგი იყო… ახლაც თვალწინ მიდგას როგორ დადიდონენ დედასთან მოსწავლეეები მუსიკის შესასწავლად, ბევრ მათგანთან დღესაც ვმეგობრობ…. მე თვითონაც დავდიოდი იმ სამუსიკო შვიდწლედში, სადაც დედა ასწავლიდა, მაგრამ სწავლა ბოლომდე არ დამისრულებია, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური მონაცემები მქონდა და მაგალითად სოლფეჯიოში ფრიადოსანიც ვიყავი. სირთულეების მიუხედავად, ეს ძალიან კარგი წლები იყო. რა ხალისით დავდიოდით მე, დედა და მისი მოსწავლეეები ბოხვაურიდან შემოქმედში ფეხით! საკმაოდ დიდი მანძილი იყო, ტრანსპორტი კი მაშინ კიარა, ახლაც მწირია. 8 კლასი აქ დავასრულე, მაგრამ, შვილების საუკეთესო ინტერესების გამო ჩემმა მშობლებმა მიიღეს მათთვის მძიმე გადაწყვეტილება თბილისში გადასვლაზე. იქ ნათესავის სახლში მთელი ოჯახი ვცხოვრობდით. ბოხვაურში ჩემი ცხოვრება, მასთან ჩემი სენსიტიური ბმა თავისთავად ვერ ჩაეტევა რამდენიმე წინანდებაში, ეს გაცილებით მეტია, ჩემი ცხოვრების და პიროვნების განმსაზღვრელი წლებია . ეს არის კორიფეებთან, მიხეილ შავიშვილთან, ტრისტან სიხარულიძესთან ანსამბლებში სიმღერა, ეს არის ოზურგეთის თეატრის სცენა, მაშინდელი რუდოს დარბაზში გამოსვლები, კონცერტები, დებიუტები….

ჩემთვის დედა განსაკუთრებული ფენომენია …

იქ, ბავშვობაში ვერ ვაცნობიერებდი მშობლების იმ გადაწყვეტილების ფასს და სირთულეს, რასაც ფუძის მიტოვება და თბილისში ცხოვრების ხელახლა დაწყება ქვია, მაგრამ წლების შემდეგ მივხვდი, რომ მათ ეს მსხვერპლი შვილების სრულფასოვანი განათლების, მათი მომავლისთვის გაიღეს. დედა ბუნებით ესთეტია და როგორც მუსიკოსი და პედაგოგი, მუდამ განებივრებული იყო ყურადღებით, ყვავილებით. თქვენ წარმოიდგინეთ , მარტივი იქნებოდა თუ არა ასეთი ქალისთვის თბილისში ოჯახის შენახვის, შვილების განათლების, მათი გამოკვების გამო საკონდიტრო საცხობში მუშაობა. მაგრამ ის ამაყად, დაუჩივლებლად წლების მანძილზე შრომობდა მძიმე შრომით, რადგან იცოდა, რისთვის იბრძოდა, რა უნდოდა, შვილებისთვის ხარისხიანი განათლების კულტი იყო მისთვის მთავარი. მინდა ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე მადლობა ვუთხრა დედას.

როდის მოვიდა პოლიტიკა

თბილისის, 61-ე სკოლაში სწავლის შემდეგ კერძო, ეკონომიკური პროფილის კოლეჯი დავამთავრე, შემდეგ იყო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის ძვირფასი წლები. და აქედან იწყება უკვე ჩემი სამოქალაქო აქტივობაც, რაც საბოლოოდ პოლიტიკით დამთავრდა. ვიყავი უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანების თავმჯდომარე. დამეთანხმება უნივერსიტეტის მთელი იმდროინდელი თაობა, რომ მაქსიმალურად ვცდილობდით სტუდენტებს პოლიტიკასთან სიახლოვე ნაკლებად გვქონოდა. სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან განსხვავებით, ჩვენ თავშეკავებული ვიყავით ხელისუფლებასთან დაახლოებაზე. პოლიტიკასთან ჩემი სიახლოვე დიდწილად იმანაც განაპირობა, რომ ბავშვობიდან სცენაზე ვიდექი. სკოლა, სტუდენტობა, ეს აქტიურობით გამორჩეული წლებია. სწავლასთან ერთად როგორც აქტიურ სტუდენტს, ჩემი შეხედულებები მქონდა საზოგადოებრივ პროცესებზე. 19 წლის ვიყავი, დამამთავრებელ კურსზე, როცა მუშაობა დავიწყე თბილისის საკრებულოში სტაჟიორად. ცოტა ხანში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის აპარატის ჯერ რიგითი თანამშრომელი, მერე ხელმძღვანელიც გავხდი, იქ 3 წელი ვიმუშავე. მას შემდეგ ბევრი საჯარო სამსახური გამოვიცვალე, იყო პერიოდები, როცა 3- 4 პოზიციაზე ერთდროულად ვმუშაობდი. საჯარო სამსახურების გარდა პარალელურად ვიყავი პოლიტიკურად აქტიურიც, ვიყავი ჩუღურეთის ერთიანი ნაციონლური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი …. და ეს იყო სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობებით სავსე წლები. დღემდე დიდი ემოციით მახსენდება, როცა ჩუღურეთის ენმ ახალგაზრდულ ორგანიზაციას სათავეში ჩავუდექი, იქ დამხვდა 27 ახალგაზრდა, 11 თვეში ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია 400 კაცამდე გაიზარდა. თუმცა მოგვიანებით ენმ და ჩემი გზები გაიყო. იდეური შეუთანხმებლობის გამო უარი ვთქვი ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელობაზე და საჯარო სამსახურიდანაც ოფიციალურად წამოვედი. მე ვერ შევძელი საკუთარ თავთან კომპრომისზე წასვლა , სამაგიეროდ წავედი სახლში. ეს იყო რთული გადაწვეტილება, რადგან ამ დროს სახლში მყავდა მეუღლე მცირეწლოვანი ბავშვით, ვცხოვრობდით ქირით. 2 წელი ვიყავი სახლში, პრაქტიკულად, უმუშევარი. 2010 წლიდან მე საკმაოდ კრიტიკული ვიყავი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ, უკვე სერიოზულად ვფიქრობდი, რომ ქვეყანაში ცვლილებების დრო იყო, მაგრამ არა ისეთი ცვლილებებისა, როგორიც საბოლოოდ მივიღეთ. როცა ოლიგარქ, უზურპატორ ივანიშვილის ძალისხმევით და მოხერხებით სახელმწიფო ინსტიტუციები რუსული დესანტის ხელში აღმოჩნდა. დღეს ჩემს ხალხთან ერთად ვიბრძვი არა ჩემი ან რომელიმე პოლიტიკური ძალის გასამარჯვებლად, არამედ ქვეყნის, მისი სახელმწიფოებრიობის , მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გადასარჩენად. ეს დაუნდობელი, სასტიკი,მაგრამ ქვეყნისთვის წაუგებელი ბრძოლაა!

ჩემი სოფლის გზა

მთელი ცხოვრება, თბილისიდან ჩემი სოფლის გზაზე გადმოხვევისას, ერთიდაიგივე სიმსუბუქე და მღელვარება მეუფლება … და პირიქით, ყოველ ჯერზე, როცა სოფლიდან თბილისში ვბრუნდები, თან მდევს აუხსნელი სევდა… ეგებ ეს დაკეტილი მამისეული სახლის ნახვით გამოწვეული სევდაა , ან იქნებ ადგილის დედის ძახილზე ჩემი რეაქცია. ჩემი სოფელი დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ადგილი მგონია, ყველაზე განსაკუთრებული. ულამაზესი და უთბილესი ხალხით. ჩემი შტაბის წევრები, ჩამოსული მეგობრები გაოცებული არიან იმით, რომ თითქმის ყოველდღე, ჩემი მეზობლები ე.წ მოსაკითხით მოდიან და მოაქვთ ცხელი ხაჭაპური, ეზოს წიწილები… თან საშინლად მერიდება, და თან ამაყი ვარ, რომ ამას ჩემი მეგობრები ხედავენ. ხედავენ იმ სითბოს, იმ კეთილმეზობლობას, რასაც ჩემი უბანი, ჩემი კუთხე თავისი შვილის მიმართ იჩენს. მე არასდროს გამიწყვეტია კავშირი ჩემს სახლთან, ჩემს ოზურგეთთან, ყოველთვის ვცდილობდი კალანდას, აღდგომას აქ ვყოფილიყავი ჩემს ოჯახთან ერთად. ეს ერთგვარი ოჯახური ტრადიციაა და მე ამ ტრადიციას ვინახავ და ვაგრძელებ. ამაში ჩემი მეუღლეც მიწყობს ხელს. იგი სამეგრელოს შვილია. ფესვები მას ზუგდიგდიდან აქვს. ქრისტი ბესელია პროფესიით ექიმია, გვყავს 2 ქალიშვილი, 11 წლის ნიტა და 7 წლის მართა. მე მინდა ჩემს შვილებს ისევე უყვარდეს ბოხვაური, როგორც მე და ჩემს დას გვიყვარს.

სახლში დაბრუნების დროა!

რატომ ახლა და რატომ ოზურგეთის მერად ? ეს პირველ რიგში განაპირობა პასუხისმგებლობამ ჩემი კუთხის, ჩემი ქალაქის მიმართ. ეს არ არის პათეტიკა, არც ხმამაღალი სიტყვები. მიუხედავად იმისა, რომ მე თბილისში დღეს მაქვს კერძო და პოლიტიკური კარიერა, ჩემი საქმე, მე ყოველთვის ვიცოდი, რომ დადგებოდა სახლში დაბრუნების დრო. მთავარია ეს დრო სწორად მეგრძნო და ვყოფილიყავი იქ და იმ დროს, როცა ამის აუცილებლობა იქნებოდა. სახლში დაბრუნებას ცხადია მე აქამდეც არავინ მიკრძალავდა, მაგრამ აქ საუბარია იდეაზე. ამ იდეის უკან კი დგას ოზურგეთის სამსახურში იმ გამოცდილების, დიდი კონტაქტების, რესურსების ჩაყენება , რაც მე წლების მანძილზე დაგროვილი მაქვს. ოზურგეთი ჩემთვის არის საწყისი სამშობლოს, სიყვარულის, კაცობის, მეგობრობის…. ადგილი, სადაც ხეს, მდინარეს, გზას, ფოთოლს, პანტა ვაშლსაც კი განსაკურებული ფასი აქვს და თავს არ მავიწყებს. აქ არის ადგილი, ხიდი, მოსახვევი, ორღობე, სხვისთვის სრულიად არაფრისმთქმელი და არაფრით გამორჩეული, რომელიც ჩემთვის უძვირფასესია, და ეს ის დეტალებია , რაც გაძლევს მოტივაციას, რომ ის შენია, შენშია და მას უნდა მოუფრთხილდე, არ დაკარგო. რატომ ოზურგეთიო, მეკითხებიან: იმიტომ, რომ მტკივნეულია, როცა დადიხარ ასე ნაცნობ ქუჩებში, ათვალიერებ სიყრმის მეგობრების სახლებს, და ის ან დაკეტილი, დარაბედარაზული გხვდება, ანდაც ღიაა, მაგრამ ოჯახის წევრების უმრავლესობა თურქეთში და ან სხვაგან არიან გადახვეწილები სეზონურ სამუშაოდ, ოჯახის სარჩენად. დედას შვილი ენატრება, დას ძმა, მეზობელს მეზობელი. ეს ადამიანური ტრაგედიებია, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით და რომელიც აღარ მთავრდება. როგორც გენიალური პოეტის სტრიქონებშია, დავდივარ, ვწუხვარ და მენანება ეს თვალებჩაღამებული სახლები, გამოკეტილი ეზოები, ბალახმოდებული ბილიკები და მიჩნდება პროტესტი და კითხვა როდემდე? მე მარტო გამარჯვების სურვილით არ მოვსულვარ ჩემს ხალხთან, როგორც ბევრი ჩემამდე მოსულა…. მე კონკრეტული წინანდებებით, კონკრეტული ხედვებით, დეტალების დონეზე გაწერილი ანალიზით, გეგმით მოვედი , და მაქვს პასუხი კითხვებზე, როგორ, რანაირად, რა გზით შევძლებ ამ სურათის გამოსწორებას, როგორ შეიძლება პროგრესირდეს ოზურგეთი, მისი სოციალურ-ეკონომიკური დონე.
მე დავინახე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ოზურგეთის მართვის სათავეში იდგნენ და დღესაც დგანან ადამიანები, რომლებსაც არ ყოფნით არც გამბედაობა, არც განათლება, არც ნება, არც ღირსება, არც პასუხისმგებლობა, იყვნენ ოზურგეთის ინტერესების დამცველები. ამის მარტივი ტესტი გახლდათ ის ფაქტი, როცა 2017 წელს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ივანიშვილის რეჟიმმა წაგვართვა, არცერთი ჩემი კონკურენტის პროტესტი არ გვინახია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხია მერის შესაფასებლად. მერობა რომ გინდა ადამიანს, და ხელახლა ითხოვ მხარდაჭერას, როცა ქალაქს განვითარების პერსპექტივა მოუსპეს და შენ ამაზე პროტესტიც კი ვერ გაბედე, როცა ივანიშვილის მხარდასაჭერად კარტოფილებით დარბოდი, არ გამოვა ისევ იმ ადამიანის მერობა. ოზურგეთს სჭირდება მერი, რომელსაც ეყოფა გამბედაობა, პრინციპულობა, და საჭიროების შემთხევაში შეეძლება დაურეკოს, ვთქვათ, პრემიერ- მინისტრს და უთხრას, ჩემს ოზურგეთს ახლა სჭირდება ესა და ეს და მას საჭირო გადაწყვეტილების მიღება აიძულოს. გადახედეთ ჩემს ქალაქს, ღრმა სიდუხჭირე, უპერსპექტივობა, ახალგაზრდებისგან დაცლა, რუტინადქცეული ოჯახის გამოკვება, შიშით დაღამება და უიმედოდ გათენება, მეტადონის გრძელი რიგები, ხელისუფლებისგან მიტოვებული ადამიანები – ესააა ჩვენი ქალაქის რეალური სურათი. ახალგაზრდა ოზურგეთელებს ნაცვლად იმისა, რომ შესთავაზონ განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პერსპექტივები, სისტემამ მხოლოდ ქუჩა და ბირჟა დაუტოვა სივრცედ, საშინელება ხდება ჩვენს ქალაქში, საშინელებაა, როცა მეტადონის რიგებში გვყავს მიტოვებული გურიის მომავალი და ეს სწრაფად უნდა შევცვალო, ეს ხალხი უნდა დაუბრუნდეს სწორ რელსებს, მე მსურს მათ მივცე სივრცე და მათი იდეების განხორციელების ლობისტად ვაქციო ყველა სამსახური, მე უნდა დავაბრუნო ისინი ოჯახებში და მე უნდა დავუბრუნო მათ ცხოვრების ხალისი და ეონომიკური განვითარების შესაძლებლობები.
ჩვენ უნდა დავამთავროთ ცალკეული ოჯახების პრივილეგირება ოზურგეთში. თითოეული ოზურგეთელის კეთილდღეობა და მისი უფლებრივი თანასწორობა უნდა გახდეს მთავარი ამოსავალი წერტილი . მე ძალიან ვწუხვარ, როცა მსოფლიო ოლიგარქიის წინააღმდეგ ამ ხარისხით ილაშქრებს, ოზურგეთი ოლიგარქიული თავშეყრის ადგილია, აქ დაბანაკებულია უზურპატორი ოლიგარქი ივანიშვილი, აქ გავლენები აქვს და თავისი საცეცებით მართავს ოზურგეთს დიდი ოლიგარქი ჩხარტიშვილი, ასევე მინიოლიგარქები, რომლებიც არ აძლევენ ოზურგეთს მოღონიერების საშუალებას. მე ვაპირებ ვიყო მერი თითოეული ოზურგეთელის გამოწვევების გასამკლავებლად. ასფალტის დაგებას ( ატკატების გარეშეც), სანიაღვრე გზების გაწმენდას, კანალიზაციის მოწესრიგებას, სტადიონების მშენებლობას ჩემი გუნდი მიხედავს, მე ვიქნები მერი, რომელიც ოზურგეთს განვითარების პერსპექტივას მისცემს. მეტ ინვესტიციას და კეთილდღეობას მოუტანს, გამოიყენებს ოზურგეთის პოტენციალს, მთას, ზღვას, სოფლის მეურნეობას, ტურიზმს.

მე არ მაშინებს სირთულეები, რომელიც ოზურგეთში მხვდება, მე მაშინებს ის, რომ ვერ მოვასწრო თითოეული ოჯახის დარწმუნება იმაში, რომ აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს სიახლეზე , განათლებაზე, პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერებაზე. მე მაქვს ამბიცია , ჩემი უნარებისა და კავშირების გამოყენებით ოზურგეთი იქცეს ლიდერ მუნიციპალიტეტად ! მე მაქვს რწმენა , რომ ოზურგეთი თავის სასარგებლო, გონივრულ არჩევანს გააკეთებს !

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share