“ბიძია, მე ვდგავარ აგერ კაი ადგილას და მე მომასხით მაი წყალი”- გურული იუმორი რომან ქერქძისგან

“გურულები პოლიტიკო­სებზე ისეთ სხარტულებს იგონებენ, რომ­ლის მსგავსი სხვაგან არ არსებობს. ხშირად არჩევენ, რუსეთთან რაფერ უნდა ვილაპარაკოთ, ჩინეთი რომ ძლიერდება, მაგი ამბავი რამდენად აწყობს გურიას, კიდევ ამერიკა ჯობია თუ ევროპა… მოკლედ, გურულები პოლიტიკაშიც ბევრ ექსპერტზე უკეთესად ერკვევიან…”
გურულების იუმორზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, მაგრამ ეს მაინც ამოუწურავი თემაა. “ხუმრობა და ენაკვიმატობა მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, მათი ცხოვრების წესი. როცა გურიაში­ ხარ, თანამოსაუბრემ შეიძლება­ ისეთი რამ გითხრას, რაც ნამდვილი მარგალიტია, მაგრამ ეს თავად არ იცოდეს”, – ამბობს მსახიობი რომა ქერქაძე:
– გურიაში დავიბადე და გავიზარდე, ამიტომ ვიცი, რომ იუმორი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენთან “ბირჟაზე” კამერები რომ დააყენო და გურულების საუბარი ჩაიწერო, საუკეთესო იუმორისტული გადაცემა გამოვა. რაღა შორს მივდივარ? – ძმაკაცი მყავს, რომელიც სრული სერიოზულობით მეკითხება: – ე ბიჯო, მე ახლა ანჯელინა ჯოლიმ რომ მნახოს, არ შუყვარდები, მაგი დევიჯეროო?

კიდევ მყავს ერთი მეგობარი, რომელიც­ მთელი სერიოზულობით ტრაბახობს, – ბიჯო, ჩემ დანახვაზე ქალები სულ თლათ ჭკუას კარგავენო. რეიზა ჩივი მაგასო, ჰკითხეს თანამოსაუბრეებმა. აბა, ამდენი უჭკუო ქალი რეიზა დადის ამ ქვეყანაზეო, არ დაბნეულა, ისე უპასუხა.
მოკლედ რომ ვთქვა, რას არ გეიგონებ­ კაცი გურიაში! ჩემმა მეზობელმა თავის სიდედრს “მესი” დაარქვა. რომ ჰკითხეს, რატომ დაარქვი ამნაირი მაკვარანცხი სახელიო, უპასუხა, ჩემი სიდედრი იმნაირი ქალია, როდის ან საიდან შემოვარდება, ვერ გეიგებო

ხუმრობა გასაჭირის დროსაც შეუძლიათ, რის გამოც კომიკური სიტუაციები ხშირად იქმნება. ჩემს მშობლიურ ოზურგეთის რაიონში არის სოფელი ფამფალეთი, სადაც ამ სოფლის კოლორიტი ბადრი მჟავია ცხოვრობდა. ბადრი “მოსასპობი” ენით და კვიმატი ხუმრობით იყო ცნობილი. ერთხელ სოფელში ტყეს ცეცხლი მოეკიდა. შეშინებულმა ხალხმა მაშინვე სახანძროში დარეკა. მოვიდნენ მეხანძრეები, საბედნიეროდ, წყალი კი ჰქონდათ, მაგრამ დიდი სჯა-ბაასი და დებატები გამართეს: ძამა, ამ “პაჟარს” აქიდან ვერ მივუდგებით, ნამეტანი ციცაბო ადგილიაო, იქიდან ვერ ავალთ, ეკალბარდიაო… კაი ხანს უსმენდა და უყურებდა ბადრიე, ბოლოს ვეღარ მეითმინა და უთხრა, ბიძია, მე ვდგავარ აგერ კაი მოსახერხებელ ადგილას და მე მომასხით მაი წყალი, აბა, “პაჟარს” მაინც ვერ აქრობთო…
ერთი სტომატოლოგი ვიცი, რომელზეც მეზობლები ხუმრობენ, მაგი მთელი ბაღნობა იმაზე ოცნებობდა, რომ გევიზრდები, მინდა ყველა პირდაღებული მიყურებდესო. გეიზარდა და ოცნება ეიხდინა, სტომატოლოგი გამევიდაო.

ხანდაზმული, ჭაღარა გურული თავის ეზოში ზის და სარებს წვერს უთლის. ამ დროს მეზობელმა ჩამოიარა და გაკვირვებით ჰკითხა: რას შობი, ბიჭო, პროკოფია, დამჯდარი მუშაობო? აბა, დაწოლილმა რაც ვიმუშავე, ეგერ ყრია ჩეროშიო, უპასუხა გაბრაზებულმა პროკოფიამ.

კიდევ ბევრი რამის მოყოლა შემიძლია… ცხადია, ეს ყველაფერი ხუმრობაა:­ გურულები საქართველოს სხვა კუთხის შვილებზეც ისე ხუმრობენ, როგორც საკუთარ თავზე. სინამდვილეში კი მათზე მშვიდობიანი და ერთგული ხალხი ჩვენს საქართველოს არა ჰყავს. უბრალოდ ცდილობენ ამ ურთულეს დროშიც იპოვონ მიზეზი, რის გამოც სიცოცხლე ღირს. ჩემი აზრით, იუმორი ერთ-ერთი ასეთი მიზეზია!

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share