4 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება, სავარაუდოდ დაიკეტება სკოლებიც… – რამდენიმე დღეა, ეს ინფრომაცია სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება და მოსახლეობაც მორიგი „ლოქდაუნის“ მოლოდინშია. ფაქტს საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა:
გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 4 ნოემბრიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება სიმართლეს არ შეესაბამება – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
„დღეს რამდენიმე ონლაინ-პორტალმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ.
ხაზგასმით ვაცხადებთ, აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიკ ნიუსი და სიმართლეს არ შეესაბამება.
ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს.
საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველკვირეულად იმართება და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდება“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა:
„საქართველოში COVID-19-ის გავრცელების კუთხით ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საყურადღებო რჩება. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან შემთხვევების მატებას მეტად ლოკალიზებული ხასიათი ჰქონდა და უპირატესად შეეხო იმ რეგიონებს, სადაც აცრილი მოსახლეობის რაოდენობა სხვებთან შედარებით მცირეა, მ.შ. კახეთი და იმერეთი.
ამ ეტაპზე შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4000-ის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება.
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება.
თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ“.
etaloni.ge