გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ნოემბრიდან…ნოემბრამდე..

თავბრუს ხვევა და გულისრევის შეგრძნება ერთ წრეზე დაუსრულებელმა ტრიალმა იცის. 2007 წლის 7 ნოემბრიდან 14 წელი გავიდა. მგონი საკმარისზე მეტი დრო გვქონდა იმისთვის, რომ ბოლომდე გაგვეაზრებინა რა მოხდა 14 წლის წინ და შესაბამისი დასკვნებიც გამოგვეტანა. თუმცა ამაოდ, რადგან პრობლემები და უპერსპექტივობის განცდა არათუ მოგვაკლდა – მოგვემატა.

გავიხსენოთ, რას უკავშირდებოდა მაშინ საზოგადოების პრეტენზიები: ინფრასტრუქტურულ პროექტებს? რომლის საშუალებითაც საქართველო წელში გაიმართა, პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყანა და სახლები განათდა და გათბა; თუ სახელმწიფო სერვისებს და ინსტიტუტების ფუნქციონირებას, რომელთა რეფორმირების შედეგადაც ქვეყანა თანამედროვე სახელმწიფოდ შედგა; თუ საგარეო ვექტორს და აქტივობის ხარისხს, რომელმაც ქვეყანას, ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ საფუძველჩაყრილი, რეგიონის ლიდერისა და დასავლური სამყაროს სტრატეგიული დასაყრდენის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია გაუმყარა? – რა თქმა უნდა არა. 14 წლის წინ, ამ დღეს, ხალხი აპროტესტებდა მახინჯ მმართველობით სისტემას, რომელიც ძალაუფლების დაუბალანსებლობაში, პარლამენტის – პრეზიდენტის კანცელარიად, სასამართლოს – გენპროკურატურის დანამატად ქცევაში გამოიხატა. რის შედეგადაც, სისტემასთან ნებით თუ უნებლიეთ დაპირისპირებული რიგითი მოქალაქე, იქნებოდა ეს ბიზნესმენი, ჟურნალისტი თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ჭიანჭველასავით იჭყლიტებოდა. სწორედ ამიტომ, 2012 წელს, იგივე საზოგადოებამ, პირველ რიგში ხელისუფლების შეუბორკავი და დაუბალანსებელი ძალაუფლებისგან რიგითი მოქალაქის დაცვის პერსპექტივას მისცა ხმა და ნაცმოძრაობა, რომელმაც მის ხმას ყური არ ათხოვა, ხელისუფლებიდან გაისტუმრა.

ამ ფონზე, ხელისუფლებაში მოსულ ოცნებას ორი რამ უნდა გამოესწორებინა: სასამართლო – ხელისუფლების კონტროლისგან გაეთავისუფლებინა და ადამიანი – სახელმწიფოს ტერორისგან დაეცვა. თუმცა, ივანიშვილმა ზუსტად იმის საწინააღმდეგო რამ გააკეთა, რა დაპირებითაც ხელისუფლებაში მოვიდა: მოქალაქე სისტემისგან სრულიად დაუცველია, ერთი კაცის პირადი დაცვის გვარდიად გადაქცეული სახელმწიფო უსაფრთხოების და სამართალდამცავი ინსტიტუტების მხრიდან კონტროლისა და თვალთვალის მასშტაბებმა კი ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. აი სასამართლოში არსებულ ვითარებას რაც შეეხება, ჩვენს სუბიექტურ დამოკიდებულებას და შეგრძნებებს თავი რომ დავანებოთ, ამაზე საუკეთესოდ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის უპრეცედენტო სიმწვავე და სიხშირე მეტყველებს.

ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ურთიერთკონტროლისა და შეკავების პრინციპზე დაფუძნებული დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა და საკუთარი ტრადიციებითა და იდენტობით საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლი იყო ის ღირებულებები და პრინციპები, რის გამოც მე მაშინ, ანუ 14 წლის წინ, მედიაში ჟურნალისტურ საქმეს ვაკეთებდი, სხვათა შორის იმ ტელევიზიიდან, რომელსაც სამწუხაროდ ამ იდეალებთან დღეს საერთო აღარაფერი აქვს. ხოლო ის ხალხი, რომლებიც ამჟამად ოცნებას ლიდერობენ, ამ ბრძოლაში საერთოდ არ მონაწილეობდნენ. მეტიც, მათი დიდი უმრავლესობა მაშინ ან იმ სისტემის ნაწილი იყო და აქტიურად ხელს გვიშლიდა, ანდა უბრალოდ ჩირგვებში იმალებოდა. მე, როგორც მოქალაქე და ჟურნალისტი არსად წავსულვარ და დღესაც ზუსტად იქ ვდგავარ სადაც 14 წლის წინ, როდესაც საკუთარი საქმის კეთებით ვცდილობდი იმას, რომ სისტემას ჰქონოდა შემბორკავი, შემაკავებელი ელემენტები და ძალაუფლებით მთვრალი მმართველების განუკითხაობა არ მიგვეღო. სამწუხაროდ მაშინ მაინც მივიღეთ ეს განუკითხაობა, რომელიც ყველაზე მძიმე ფორმით სწორედ იქ გამოვლინდა, სადაც დემოკრატიის სხივი, უფრო სწორედ მედიის თვალი ყველაზე ნაკლებად აღწევს – დახურულ დაწესებულებაში ანუ ციხეში.

დღეს, წინა ხელისუფლებების მიღწევები, რომელთა დამსახურებითაც საქართველო როგორც სახელმწიფო ფეხზე წამოდგა, წყალში იყრება, ხოლო ის რაც ყველაზე ცუდი იყო წინა მმართველობების პირობებში, კუბშია აყვანილი. ამის ნათელი დასტურია სუსიდან გაჟონილი ფაილები და საზოგადოების ნების კონტროლის ის ტოტალური სისტემა, რომლის დახმარებითაც ოლოგარქი ხალხს არჩევანს არჩევნების დღემდე პარავს. მაშინ ცუდად მახსოვს და ახლაც, ნოემბრიდან-ნოემბრამდე ასოციაციები არასასიამოვნო მოგონებებს მიღვიძებს.. თუმცა იმ ნოემბრიდან ამ ნოემბერს კიდევ ბევრი ცუდი რამ დაემატა: მაშინდელი ყურმოჭრილი სასამართლო დღეს უკვე გაყოყოჩებული – ევროპასა და ამერიკას ლანძღავს და უსამართლობის ახალ მწვერვალებს იპყრობს; თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების თავის ქალებით აგებულ ტახტრევანზე ფეხმორთხმული პუტინი საქართველოს მეამბოხე პრეზიდენტის თავის გაგორებას ელის; უპასუხისმგებლო სიგიჟის გამო დღეში 67 ადამიანს ვკარგავთ, მსხვერპლმა 10 400-ს გადააჭარბა და მთავრობას კოვიდგენოციდზე პასუხს არავინ თხოვს, ჯერჯერობით გადარჩენილების ცხოვრება კი ისე გაძვირდა და დამძიმდა, რომ სოციალური კატასტროფა, ღრმა დეპრესია და სრული უიმედობა ყველაზე რბილი სიტყვებია, რომლებიც დღევანდელ ვითარებას და განწყობებს აღწერს; ეკლესია ტოტალური მიყურადების და ბინძური მანიპულაციების ობიექტია, ჩოხოსნები სპეცრაზმის ფუნქციას ითავსებენ და ბერებს კელიებიდან ერეკებიან; ქვეყანა ზიზღმა, სიძულვილმა, უსამართლობამ, გაუტანლობამსულმდაბლობამ, დაუნდობლობამ და შიმშილმა მოიცვა. ასეთია საქართველო იმ მძიმე 7 ნოემბრიდან 14 წლის თავზე.

ერთადერთი რაც ამ დროების საქართველოში მუშაობს პროპაგანდისტული შხამია, რომელიც ყოველდღიურად იფრქვევა და ჰაერს წამლავს. ეს საწამლავი კი ბევრად საშიში და მავნებელია ვიდრე ის, რომლითაც შვიდ ნოემბერს რუსთაველზე აქციის მონაწილეებს გაუსწორდნენ. იმ შვიდ ნოემბერზე პასუხი ხალხმა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უკვე აგებინა და ხელისუფლებიდან არჩევნების გზით გაუშვა, დღევანდელ ვითარებაზე პასუხისმგებლობას კი, რომელიც მაშინდელზე გაცილებით მძიმეა, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევანის მოპარვით გაურბის. ჰოდა სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვიან არ არის, დროა კარგად დავფიქრდეთ და ჩვენსავე თავს ვუპასუხოთ: როდის უფრო გვქონდა განცდა იმისა, რომ ვკარგავდით ყველაზე მნიშვნელოვანს – ცხოვრების საუკეთესო წლებს და ქართული სახელმწიფოს პერსპექტივას – მაშინ თუ ახლა? ამ კითხვაზე ჩვენი პასუხის სიწრფელე განაპირობებს ჩვენივე გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების სიმტკიცეს და სწორედ ეს სიწრფელე შექმნის ენერგიას, რომელიც ნოემბრიდან ნოემბრამდე მოჯადოებულ წრეს გაგვარღვევინებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share