საქართველოში ვაქცინაციის პროცესი, რომელიც 15 მარტს დაიწყო, 4 სხვადასხვა ვაქცინით მიმდინარეობდა. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია 2 ჩინური პრეპარატი – სინოვაკი და სინოფარმი, ასევე – ამერიკულ -გერმანული ფაიზერი. რაც შეეხება ასტრა ზენეკას, მასზე დაბალი მოთხოვნის გამო, პირველი ნოემბრიდან ამ პრეპარატით ვაქცინაცია შეწყდა.
რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინებზე, რომლებიც ამჟამად ყველა ამცრელ პუნქტში არის ხელმისაწვდომი:
ფაიზერი
Pfizer/BioNTech კორონავირუსის საწინააღმდეგო სრულად ავტორიზებული პირველი ვაქცინაა, სრული ავტორიზაცია მას ამერიკის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 2021 წლის აგვისტოში მიანიჭა. ფაიზერი 2–დოზიანი ვაქცინაა და მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა.
პრეპარატით ვაქცინაცია დღეს საქართველოში შეუძლია 12 წლიდან ზემოთ ნებისმიერ მოქალაქეს.
რაც შეეხება ფაიზერის ვადებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომ, თითქოსდა, პრეპარატს ვადა ეწურება, სიმართლეს არ შეესაბამება – FDA-ს გადაწყვეტილებით, ვაქცინის ვადა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა. როგორც ამერიკის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცის საიტზეა აღნიშნული, შეფუთვაზე დატანილი თარიღების ცვლილება ასეთია:
- 2021 წლის აგვისტო – გახანგრძლივდა 2021 წლის ნოემბრამდე;
- 2021 წლის სექტემბერი – 2021 წლის დეკემბრამდე;
- 2021 წლის ოქტომბერი – 2022 წლის იანვრამდე;
- 2021 წლის ნოემბერი – 2022 წლის თებერვლამდე;
- 2021 წლის დეკემბერი – 2022 წლის მარტამდე;
- 2022 წლის იანვარი – 2022 წლის აპრილამდე;
- 2022 წლის თებერვალი – 2022 წლის მაისამდე.
ამასთან, FDA აღნიშნავს, რომ აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს პრეპარატის შენახვის წესი – ფაიზერი -90ºC-დან -60ºC ტემპერატურაზე ინახება.
სინოფარმი
სინოფარმის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული. სინოფარმის ვაქცინა შეიქმნა ჩინეთში და ის ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა. სინოფარმის ვაქცინის 2 დოზას შორის რეკომენდებული ინტერვალია 2-დან 4 კვირამდე.
პრეპარატი ინახება 2-8 გრადუს ცელსიუსზე, ვარგისიანია 24 თვის განმავლობაში.
სინოვაკი
სინოვაკის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული. საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფმა საფუძვლიანად შეაფასა „სინოვაკის“ ვაქცინის ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტიანობა და მათი რეკომენდაციის მიხედვით, ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში. 2 დოზას შორის რეკომენდებული ინტერვალია 2-დან 4 კვირამდე.
მწარმოებლის ინფორმაციით, პრეპარატი, სინოფარმის მსგავსად, 2-8 გრადუს ცელსიუსზე ინახება და მოქმედების ვადა, ასევე, 24 თვით განისაზღვრა.
https://tabula.ge/