საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო, მრავალპროფილურ, კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს.
მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრთან გამართული კონსულტაციის შედეგად სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.
„ჯანდაცვის მინისტრთან იმ საკითხზე არ გვქონია საუბარი, ემხრობა თუ არა იგი სააკაშვილის გადაყვანას. არამედ საუბარი გვქონდა იმაზე, რომ მოქმედების ის ტაქტიკა, რომელიც გუშინ საღამოს გვქონდა არჩეული, სწორია.
ამ დილით სწრაფად უნდა მოხდეს ამ კონსულტაციების შეჯამება და მის მიხედვით სწორი გადაწყვეტილების მიღება.
გორის ჰოსპიტალი სამედიცინო მოვლის კუთხით შესანიშნავი დაწესებულებაა, თუმცა, როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა აღნიშნა, კონკრეტული აპარატი – ელექტრო მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის არქონა, გორის ჰოსპიტალს რიცხავს ამ სიიდან.
მე რომ სამოქალაქო სექტორში ასეთ პაციენტს ვმართავდე, გადავიყვანდი უფრო მრავალპროფილურ კლინიკაში“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ინფორმაციისთვის, სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.
ამჟამად მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაშია მოთავსებული.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.
ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.