უნდა დავსვათ შეკითხვა – ვის ინტერესშია? ეს ვიღაცისთვის კეთდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვა იგეგმება.
მისივე თქმით, უმეტესწილად, ქართულ ონლაინ კაზინოებში უცხოელები თამაშობენ.
„უცხოეთში მართლაც არის რეგულაციები. ისლამურ ქვეყნებში აკრძალულია, ევროპაში დიდი გადასახადებია. საქართველო იმიტომ არის მიმზიდველი, რომ დაბალი რეგულაციები და გადასახადებია. კაზინოს შეუძლია გასცეს დიდი ბონუსები, ფულის გატანის შესაძლებლობა და კონფიდენციალურობა. არავინ გააკონტროლებს, შეგიძლია გადარიცხო ფული სადაც გინდა. სწორედ ამიტომ, უცხოელები აქ თამაშობენ. ჩვენმა მოქალაქეებმა კაზინოებიდან მილიარდნახევარი ლარი გაიტანეს. უცხოეთში თუ ვინმემ თანხა გაიტანა, ეს უცხოელია, რომელიც თამაშობს. როდესაც ის წააგებს, ფული ქართულ კაზინოს დარჩება. მაგალითად, „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ 80%-მდე არის უცხოელების მიერ დაფუძნებული. მათ უცხოელი მესაკუთრეები ჰყავთ, მაგრამ „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ ქართული ბანკები არ არის? მათი ყველა მეპატრონე უცხოელი რომ იყოს, ეს ბანკები საქართველოს იურიდიულ პირს წარმოადგენენ, აქ ქმნიან სამუშაო ადგილებს და იხდიან გადასახადებს“, – განაცხადა გოცირიძემ.