საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 29 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესს უცხოური მედიასაშუალებები ეხმაურებიან.
“საქართველოს ყოფილი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შემდეგ სასამართლო პროცესზე მივიდა” – ამ სათაურით სტატია Aljazeera-მ გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ეს პირველი სასამართლო პროცესი იყო, რომელსაც ის პირადად დაესწრო.
სტატიის ავტორი, “მთავარ არხზე” დაყრდნობით წერს, რომ სასამართლოს მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ ათობით აქტივისტი დააკავა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებდა.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა Associated press. გამოცემა წერს, სასამართლო პროცესზე, ბრალდებებსა და მიხეილ სააკაშვილის პოზიციაზე, რომ ის არ ცნობს პროკურატურის უფლებამოსილებას.
გამოცემა Deutsche Welle-ც სტატიაში აღნიშნავს, რომ დღევანდელი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი იყო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. სტატიაში საუბარი სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლასა და მისი ადვოკატების კომენტარებს შეეხო.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა France 24-იც. სტატიაში საუბარია უშუალოდ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველში გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, კიდევ უფრო გაამწვავა.
სტატიაში ქრონოლოგიურადაა მოთხრობილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე, მის დაკავებასა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს განაცხადა. მაშინ მან გაავრცელა Facebook-პოსტი და ვიდეოები და თქვა, რომ ბათუმში იმყოფებოდა. მთელი დღის ძებნისა და არაერთი მტკიცებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცრუობდა და კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა, “ოცნების” ხელისუფლებამ და მისმა პრემიერმა მოსახლეობას მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს მიაწოდა.
მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჯერ რუსთავის, შემდეგ კი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტმა იქ შიმშილობა შეწყვიტა და უკვე მე-11 დღეა მკურნალობს.