პანდემიისგან დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გერმანია საქართველოს 3 მილიონ ევროს ჩუქნის

საქართველოში კოვიდ-პანდემიისაგან დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გერმანიის მთავრობამ დამატებით 3 მილიონი ევროს გრანტი გამოყო. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანხა ამ ოჯახების სოციალურად დაცვას მოხმარდება.

“ეს გრანტი დაემატება გერმანიის მიერ გასულ წელს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე გამოყოფილ დახმარებას, რომელიც შედგებოდა 5,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისა და 15 მილიონი ევროს ოდენობის დაბალპროცენტიანი კრედიტისაგან. ამ დახმარების მიზანს წარმოადგენდა ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება იმ ქართული ოჯახებისათვის, რომლებმაც კოვიდ-პანდემიის გამო დაკარგეს შემოსავალი.

გაზრდილი თანხით დაფინანსდება 135 ათასზე მეტი გადახდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. ამავე დროს 2020 წელს გაცემული კრედიტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება, განხორციელდეს  უმუშევართა შემწეობის 280 ათასზე მეტი გადახდა შესაბამისი პირებისათვის”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა შეთანხმებას ხელი 2021 წლის 30 ნოემბერს მოაწერეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share