ვირწმუნებთ ზურაბიშვილის სიტყვებს, როდესაც გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყანაში ტემპერატურის დასაწევად

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთო ლიდერი, თინა ბოკუჩავა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინკლუზიურ პროცესთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივას ეხმაურება.

მისივე თქმით, ნაცმოძრაობა მას შემდეგ ირწმუნებს ზურაბიშვილის სიტყვებს, როდესაც ის გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყანაში ტემპერატურის დასაწევად.

“ცდილობენ, რომ ამ ლიტონი სიტყვებით, ამ განცხადებებით აღიდგნინონ რეპუტაცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში. ეს საბჭოური წარმოდგენა დასავლელებზე, რომ ისინი არიან ძალიან გულუბრყვილოები და მათთვის მხოლოდ სიტყვებით შეგიძლია თვალის ახვევა არის დიდი უმეცრება და ივანიშვილი, როგორც რუსი ასევე არის მიმდევარი ამ პრინციპის. გამოიყვანს კობახიძეს და ზურაბიშვილს და იტყვის იმას, რისი მოსმენაც სურთ დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ადამიანებს, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ბაიდენის სამიტზე და მეორე მხრივ დაიჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს მათ აწამებს, მედიის წარმომადგენლებს, ცემს, მოკლავს, პასუხს არ აგებინებს არავის, შარლ მიშელს გადააგდებს, არც ერთ რეფორმას არ გაატარებს. ეს არის დიდი უმეცრება და შეცდომა, რომ აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირები ან ჩვენი ევროპელი მეგობრები მიიღებენ სიტყვებს, თუ ამ სიტყვებს არ მოყვება კონკრეტული მოქმედებები. ვირწმუნებთ ზურაბიშვილის სიტყვებს, როდესაც დავინახავთ, რომ ის გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწიოს ტემპერატურამ. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის”, – განაცხადა ბოკუჩავამ ტვ პირველის ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართულ დემოკრატიის სამიტზე პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share