ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, დასკვნაში, რომელსაც ორგანიზაცია რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს, საუბარია მიხეილ სააკაშვილის წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე და აღწერილია კონკრეტული ფაქტები.
ჯიშკარიანის თქმით, საუბარია იმ არასაჭირო ფსიქოტროპული წამლების შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ციხეში დაუნიშნეს და ამის შესაბამის დოკუმენტაციაც არსებობს. ჯიშკარიანის თქმით, ემპათია მსგავს ფაქტებს ფარმაკოლოგიურ წამებად აფასებს.
“ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენ გვაქვს ასევე ჰოლანდიელი ოჯახის ექიმის ანკეტაც და ჩანაწერებიც, ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, ასევე რუსთავის ნომერ მე-12 დაწესებულებაში შესვლისას ბარათი, რომელიც ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის დაწესებულებაში შესვლისას იღებდა მხოლოდ 2 პრეპარატს – ეს იყო ანტიდეპრესანტი და ასევე ტრანკვილიზატორი, რომელიც მას დაენიშნა ჰოლანდიაში პოსტკოვიდური სინდრომის დროს[….]
შემდგომში მას კიდევ დაემატა სხვა პრეპარატი ტრანკვილიზატორი, რომელიც ასევე ვერ გავიგეთ რატომ იქნა დანიშნული და სადღაც 5 დღეში შესვლიდან აძლევენ ანტიფსიხოზურ პრეპარატს, ეს პრეპარატი არის ნეიროლეფსიური საშუალება და FDA-ს მიერ მოწოდებულია, როგორც ანტიფსიხოზური პრეპარატი, მწვავე შიზოფრენიის სამკურნალოდ, ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ, ასევე ენდოგელური დეპრესიის სამკურნალოდ”,-თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ამას გარდა, ორგანიზაციის შეფასებით, საპატიმროში ტენდენცია შეინიშნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ალკოჰოლდამოკიდებულად წარმოეჩინათ.
კერძოდ, ჯიშკარიანის თქმით, სახელმწიფო კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის მიერ სამედიცინო ჩანაწერში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი კონიაკს იღებდა.
ჯიშკარიანის თქმით, ის სინდრომი [ვერნიკეს ენცეპალოფატია], რაც მიხეილ სააკაშვილს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ განუვითარდა, ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებს ახასიათებთ, შესაბამისად, “ემპათია” მიიჩნევს, რომ აქცენტი ალკოჰოლიზმზე მიზანმიმართულად კეთდებოდა
“ასევე იყო და ჟღერდებოდა გარკვეული მინიშნებები იმისკენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ფსიქიურად ვერ არის და ა.შ. კობახიძის და პრემიერმინისტრის განცხადებები იყო ამაზე, რაც ეჭვს იწვევს – რა ხდებოდა ამ მიმართულებით, რატომ იყო გეზი აქეთკენ აღებული და ამას შემდგომში დაემატა ისეთი ტენდენციები, რომელიც ჩვენ გორის ჰოსპიტალში ვიხილეთ, როცა იგეგმებოდა პრეპარატის დოზის გაორმაგება და შემდგომ უკვე ზრდა და ასევე გაურკვეველი ჩანაწერი, ორი ბოთლი კონიაკის თაობაზე, თითქოს მიხეილ სააკაშვილი, ორ ბოთლ კონიაკს სვამდა ყოველ დღე. ჯანდაცვის სამინისტროს კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის მიერ გაკეთებულია ჩანაწერი.
აღებული იყო აქცენტი იმისკენ, რომ ვითომდა ის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც მას დღეს აღენიშნება და სახეზეა კვლავ, ამის ერთ ერთი გამომწვევი მიზეზი გახლავთ ქრონიკული ალკოჰოლიზმი. ტენდენცია შევნიშნეთ ჩვენ, რომ მიდიოდა იქითკენ, ვითომ მიხეილ სააკაშვილი იყო ალკოჰოლიკი” თქვა მარიამ ჯიშკარიანმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ დებატებში”.