საზოგადოებას თვალში ნაცარს ნუ შევაყრით – სააკაშვილი არის მსჯავრდებული მძიმე დანაშაულებში და ძალიან დიდი წერტილი! – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას.
მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი ყოფილი თანამდებობის პირია და გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
„ქალბატონ ზურაბიშვილს ახლა უწოდებენ ხომ პრეზიდენტს, როცა სჭირდებათ, როგორმე სააკაშვილის შეწყალებას მიაღწიონ?! უხერხულია, არათანმიმდევრულია. ვხედავთ ინსტიტუციებზე როგორი შტურმი ხორციელდება და მეორე წუთს მათ უხერხულობას არ უქმნის ის, რომ ისაუბრონ პოლიტიკურ შერიგებაზე. საზოგადოებას თვალში ნაცარს ნუ შევაყრით და შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, რომელიც იმაზე ბრძენია, ვიდრე წარმოუდგენია “ნაციონალურ მოძრაობას”. რა დასხდომაზე და გადაწყვეტილების მიღებაზეა საუბარი, მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და ამავდროულად მსჯავრდებული მძიმე დანაშაულებში, აქ დასრულდა ეს და ძალიან დიდი წერტილი. რაც შეეხება მარგველაშვილს, არ ღირს ამაზე კომენტარების გაკეთება, ის არის ყოფილი პრეზიდენტი და აქაც წერტილი! რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან თავის პოზიცია დააფიქსირა – „არა და არასდროს” და მორჩა და გათავდა, რაზე უნდა ვისაუბროთ?! “- განაცხადა ღუდუშაურმა.