გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მტერთან მოყვრულად და მოყვარესთან – მტრულად?!

გაიგებდით ალბათ, ქვეყანაში 11 დღით სიცილი, მუსიკის მოსმენა, დალევა და მაღაზიებში სიარული აიკრძალა… აქ კი არა, ჩრდილო კორეაში, სადაც ლეგენდარული კიმ ჩენ ირის გარდაცვალების 10 წლისთავს აღნიშნავენ. მართალია ეს სახელმწიფო მსოფლიოში ყველაზე ღარიბი და გაპარტახებულია, თუმცა მისივე ოფიციალური მონაცემებით, წელს მას ეკონომიკის ორნიშნა ზრდა აქვს, უმუშევრობა არ არსებობს, ფასებს სახელმწიფო არეგულირებს, ჯანდაცვითა და განათლებით მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა, აქვს წარმატებული საგარეო პოლიტიკა, სუვერენული სახელმწიფოა და დასავლეთს თავს არ უხრის. როგორც მათი ლიდერი კიმ ჩენ ინი ამბობს, იქ ჩრდილო-კორეული კომუნიზმია, სხვა ყველაფერი კი ფეიკ ნიუსი, დეზინფორმაცია და ამერიკელი იმპერიალისტების მიერ კონტროლირებადი ტელეარხების ნარატივი.

ჩვენთანაც კომუნიზმია, ოღონდ ქართული, ყოველ შემთხვევაში ღარიბაშვილის ანგარიში ამას გვეუბნება: ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, საუკეთესო ბალანსი ჯანმრთელობასა და ეკონომიკას შორის, წარმატებული საგარეო პოლიტიკა, ლიდერები ვართ ჯანდაცვაში, განათლებასა და კულტურაში. ჩვენთან მართალია ჯერ სიცილი ოფიციალურად არ აღუკვეთიათ, თუმცა 25 წლის მუტრუკებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას უკრძალავენ, მალე ფასებს, განსაკუთრებით კი ფარმაცევტულ სექტორში სახელმწიფო დაგვირეგულირებს; 100-პროცენტიან დასაქმებას ჯერჯერობით ვერ გვპირდებიან, თუმცა 300 000 ადამიანს სახელმწიფო მისცემს სამსახურს; ხელფასები, პენსიები, დახმარებები იზრდება; წარსულისგან განსხვავებით, დღეს აღარავინაა კანონზე მაღლა ან დაბლა, (საინტერესოა კანონზე დაბლა რას ნიშნავს); რაც მთავარია “სუვერენული” სახელწიფო ვართ და დასავლეთს თავს არ ვუხრით; მოკლედ ყველაფერი კარგადაა, ხვალ კი უკეთესად იქნება, რადგან წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 5500 დოლარს მიაღწევს. ერთადერთი ცუდი ის იქნება, რომ ცნობილ ბიზნესმენს ფადი ასლის რუსთაველზე ტიტველს მოუწევს გავლა. მეტიც ეკუთვნის – ღარიბაშვილის ეკონომიკური გენიისადმი სკეპსისის გამო. ისიც შეგვახსენეს, რომ ამ ქვეყანას უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი, მოძალადე და რაღა თქმა უნდა დესტრუქციული ოპოზიცია ჰყავს, რომელიც სულ პროვოკაციასა და სისხლისღვრას გეგმავს და ამ განსაცდელისგან როგორც ყოველთვის სუსი გადაგვარჩენს.

ქართული “კომუნიზმი” რეალობაში რასაც ნიშანვს მოკლედ შეგახსენებთ: ეკონომიკის ორნიშნა ზრდა – ორნიშნა ინფლაციაა. სახელმწიფო დასაქმება – უმუშევრობის კატასტროფული მატება ქვეყნის შიგნით და აქტიური სამუშაო ძალის გადინება საზღვრებს გარეთ; ხელფასების, პენსიების და დახმარებების მატება – გაზრდილი ფასების პირობებში კიდევ უფრო გაღარიბებული მოსახლეობა; ჯანმრთელობისა და ეკონომიკის საუკეთესო ბალანსი – კოვიდით უკვე გარდაცვლილი 13 ათასზე მეტი ადამიანი; წარმატებული საგარეო პოლიტიკა – ელჩების უკანონოდ მოსმენა, ქვეყნის რეპუტაციის შელახვა, ევროპისა და ამერიკის არაერთხელ მოტყუება, დასავლეთისგან დისტანცირება და რუსეთთან სამარცხვინო ფლირტი; კულტურასა და განათლებაში წარმატება – წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში მსოფლიო აუთსაიდერობა, საყდრისის აფეთქება და უხეიროდ გადახურულ გელათის ტაძარში უნიკალური ფრესკების ჩამორეცხვა.

როდესაც ოპოზიციას ლანძღავდა და დასავლეთს თითს უქნევდა არც ენთუზიაზმი აკლდა და არც ენერგია. თუმცა, ქართული კომუნიზმის აღწერაზე, ეკონომიკურ წარმატებებსა თუ სოციალურ პროგრამებზე როცა გადავიდა აშკარად დაიღალა და დარბაზიც დაღალა. 3-4 ჯერ ყელში რაღაც გაეჩხირა, ბოდიშიც მოიხადა და მორცხვად აღიარა რომ გაცივდა. თუმცა გაციება მალევე დაავიწყდა, როდესაც ივანიშვილის დაფინანსებულ ციტლოტრონებზე დაიწყო საუბარი. არც ერთი სიტყვა ეროვნული თანხმობის აუცილებლობასა და პრეზიდენტის ინიციატივაზე, სიტყვა “შერიგება” ერთადერთხელ წარმოთქვა და ისიც მხოლოდ სამინისტროს დასახელებაში. არ უსაუბრია მცოცავ ოკუპაციასა და რუსი სამხედროების მიერ გატაცებულ და ნაწამებ საქართველოს მოქალაქეებზე. რუსული აგრესია კი ახსენა, თუმცა იმ კონტექსტში, რომ თავი მოიწონა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით მოსკოვს არ ვაღიზიანებთო. სამაგიეროდ ბრაზი, სიძულვილი და აგრესია კვლავაც დიდი დოზით მიმართა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

მოკლედ მტერთან – მოყვრულად, მოყვარესთან – მტრულად ასეთი სათაური მოუხდებოდა მის სიტყვასაც და პრინციპში პოლიტიკასაც. ძლიერი მუშტით წესრიგის დამამყარებლის, ყველასთვის ადგილის მიმჩენის და ზოგადად მასკულინობისა და ქარიზმატული ლიდერის განსახიერების კომიკურ მცდელობას რომ თავი დავანებოთ, მე პირადად შემზარა ქვეყნის მთავრობის ფორმალური ხელმძღვანელის ადამიანურობისგან დაცლილობის კიდევ ერთმა დემონსტრირებამ – არც ერთი სამძიმრის სიტყვა, არც წუთიერი დუმილი პანდემიის 13 071 მსხვერპლის ხსოვნის პატივსაცემად, არანაირი თანაგრძნობა მათ ოჯახებს. არც ერთი სიტყვა მის და მთავრობის პასუხისმგებლობაზე. ალბათ არაფერი წლის შემაჯამებელი ღონისძიებიდან ისე არ აჯამებს წარმოდგენებს ღარიბაშვილის პიროვნებაზე, როგორც ის რაც მის გამოსვლას აკლდა.

formula

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share