“ადამიანები სახლს სახურავიდან კი არა, საძირკველიდან უნდა აშენებდნენ” – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, ეროვნული შეთანხმების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივას ცოტა ხნის წინ ამერიკის საელჩო გამოეხმაურა და საზოგადოებას გამთლიანებისკენ, პოლიტიკურ აქტორებს ქვეყნის სტაბილურობასა და სიმშვიდეში საკუთარი წვლილის შეტანისკენ მოუწოდა.
შეთანხმების შესაძლებლობაზე და მმართველ გუნდში ბოლო დროს მიმდინარე ცვლილებებზე ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი “კვირის პალიტრა” ესაუბრა.
“ვფიქრობ, რომ შერიგების პროცესი არასწორად დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობას თამაშობს, მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი სხვისთვის დამაჯერებელი აღარ არის. ზურაბიშვილმა ჯერ “ქართულ ოცნებაში” მოაგვაროს პრობლემა. მის ინიციატივასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდიდან ძალიან ცუდი, მიუღებელი განცხადებები ისმის. ძალიან თვალში საცემია მათი დამცინავი ტონი. “ქართული ოცნება” არ არის მზად ეროვნული შეთანხმებისთვის. შესაძლოა, ზურაბიშვილმა ლიდერები ვერ დაითანხმოს, რომ მისი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთებინოს, მაგრამ გააჩუმოს მაინც, ვიდრე თავს მოაბავს რამეს.”
რაც შეეხება კახა კუჭავას გადადგომის ფაქტს, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ კუჭავა საკმარისად აგრესიული არ იყო”
”ჩემი აზრით, ყველაფრის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ კუჭავა, ისევე როგორც თავის დროზე არჩილ თალაკვაძე “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების აგრესიულ და ცინიკურ რიტორიკაში ვერ ჩაეწერა. თალაკვაძის და კუჭავას რიტორიკა მიმართული იყო უფრო თანამშრომლობაზე, ადამიანურ პოლიტიკაზე. როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ახლა ისეთი აგრესიული ტიპაჟი სჭირდება, როგორიც ირაკლი კობახიძეა. შესაბამისად, არჩევანი გააკეთეს შალვა პაპუაშვილზე. არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა სულ ღიმილიანები მახსოვს, ვნახოთ, პაპუაშვილი თუ გაიღიმებს.” – ამბობს ზაქარეიშვილი.