ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
„სააკაშვილის მიმართ მოპყრობის სრული ვიდეომასალა სახელმწიფო ინსპექტორსა აქვს. დაჩქარებული წესით რომ აუქმებენ მაგ სამსახურს, ვიდეოკადრებს რა ბედი ეწევა? ვის ხელში გადადის?“
ცნობისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შესაძლოა გაუქმდეს,- შესაბამისი პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების გამო ძიება დაიწყო. უწყებამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასევე, თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის შეფასებისაგან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიება წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას.