პოსტი ე.წ. “რიცხვების წვალებას”, არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ეხება: თითქოს, 2021 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია ბოლო 26 წლის რეკორდულ ნიშნულზეა. ინფლაციის სტატისტიკის ასე წარმოდგენა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა ან რაც გაცილებით უარესი – მოსახლეობის შეცდომაში შეგნებულად შეყვანის მცდელობაა.
წლიური ინფლაციის განსაზღვრება არის მიმდინარე წლის რომელიმე თვეში ფასების დონის პროცენტული ცვლილება წინა წლის იმავე თვის ფასების დონესთან შედარებით. მარტივად რომ ვთქვათ, წლიური ინფლაცია გვიჩვენებს, თუ რამდენად გაიზარდა ფასების საერთო დონე ბოლო ერთი წლის მანძილზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ თვეში ვითვლით მას. ცნება “ზუსტად ერთი წლის წინ” არსებობს როგორც დეკემბერში, ისე მარტში ან ივლისში.
ელემენტარული და საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ წლიურ ინფლაციას ეკონომისტები უყურებენ ყოველთვე და არა მხოლოდ დეკემბერში… და არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ინფლაცია, პანდემიასთან ერთად, გლობალური გამოწვევაა”.