“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ყაზახეთმა გამოსვლების ჩახშობის თხოვნით ОДКБ-ს მიმართა და რუსეთი და ბელარუსი სამხედროების გაგზავნას აპირებენ.
ნიკა გვარამიას თქმით, ეს მთავარი ტესტი იქნება ყაზახი ხალხის არჩევანს “უფრო დიდი ტირანი წაართმევს, თუ თავისუფალი სამყარო შეუნარჩუნებს”.
როგორც ის აღნიშნავს, ეს პასუხი იქნება საქართველოსთვისაც.
“ყაზახეთმა გამოსვლების ჩახშობის თხოვნით ОДКБ-ს მიმართა. რუსეთი და ბელარუსი უახლოეს ხანში აპირებენ სამხედროების გაგზავნაას ყაზახეთში გამოსვლების ჩასახშობად
აგერ ბატონო, მომენტუმიც და მთავარი ტესტიც: ხალხმა თავი დაიხსნა ტირანიისგან და ვნახოთ მათ ამ არჩევანს უფრო დიდი ტირანი წაართმევს, თუ თავისუფალი სამყარო შეუნარჩუნებს.
ეს პასუხიიქნება არა მარტო ყაზახეთისთვის, საქართველოსთვისაც. და არა მარტო”,-წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.
ყაზახეთში მასობრივი პროტესტი გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი ჩამოაგდეს, ასევე დაიკავეს აეროპორტი. მანამდე, დემონსტრანტებმა ქალაქ ალმათში ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
მასშტაბური აქციები ქვეყანაში 2 იანვარს გაზის ფასის გაძვირების გამო დაიწყო. თავდაპირველად აქცია მანგისტაუს რეგიონში დაიწყო, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებიც მოიცვა. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა დღეს, 5 იანვარს გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.