დაძაბულობისა და საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა.
თოყაევის თქმით, საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს მთლიანობას, როგორც მან აღნიშნა “ტერორისტული ჯგუფები” კარგად არიან მომზადებული და მათ მომზადება საზღვარგარეთ გაიარეს.
ყაზახეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი ჩამოაგდეს, ასევე დაიკავეს აეროპორტი. მანამდე, დემონსტრანტებმა ქალაქ ალმათში ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
მასშტაბური აქციები ქვეყანაში 2 იანვარს გაზის ფასის გაძვირების გამო დაიწყო. თავდაპირველად აქცია მანგისტაუს რეგიონში დაიწყო, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებიც მოიცვა. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა დღეს, 5 იანვარს გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.