ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის. ოფიციალურ მიზეზად კონტრაქტის ამოწურვა სახელდება. თუმცა არსებული ინფორმაციით, მიზეზი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პეტიცია გახდა. ხელისუფლებამ იმ ხელოვანების დევნა დაიწყო, ვინც პეტიციას ხელი მოაწერა.
კონტაქტები ამოეწურათ სხვა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებსაც, თუმცა კულტურის მინისტრმა დისკრეციული უფლება გამოიყენა და მათ ვადა გაუხანგრძლივა.
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მტკიცებით, წულაძეს უბრალოდ კონტრაქტის ვადა გაუვიდა და მას შეუძლია კონკურსში მონაწილეობა ხელახლა მიიღოს.
”ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა, ისევე როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები, თუკი ის სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებსაც ვადა გაუვიდათ და ზოგიერთი მათგანი ხელახლა აპირებს კანდიდატობას შემოიტანს განაცხადებას და მისი განაცხადიც როგორც ნებისმიერი სხვა იქნება განხილული”, – ამბობს თეა წულუკიანი.
მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს, რომ წულაძეს კონტრაქტის ვადა ამოეწურა.
”ბატონი ლევანი გათავისუფლებული არ არის, მისი კონტრაქტი იყო 4-წლიანი და 4 წლის შემდეგ უნდა გამოცხადდეს კონკურსი. დისკრეციის უფლება მინისტრმა პირველად გამოიყენა ზოგი დაინიშნა პირდაპირ, ეს იყო ჩრდილების თეატრის, გაბრიაძის თეატრის და გრიბოედოვის თეატრის შემთხვევაში”, – ამბობს ეკატერინე მაზმიშვილი.
tv pirveli