მედიაში დღეს მძიმე კადრები გავრცელდა, სადაც ჩანდა თუ როგორ სცდემდა პოლიციელი მოქალაქეს. “ტვ პირველის” ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი მოზარდი იდენტიფიცირებულია.
“ყრუთა კავშირის” ინფორმაციით, ეს არის 17 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც უბინაოა და ქუჩაში ცხოვრობს. კავშირის პრეზიდენტი, მაია მეტონიძე, აცხადებს, რომ 17 წლის ლევან ა.-ს პრობლემები სამართალდამცველებათან ადრეც ჰქონია.
“ეს ახალგაზრდა არის 17 წლის ლევან ა., ის უფრო მეტყველ პირებთან მეგობრობს. მათთან ერთად მოძრაობს, სახლი არ აქვს და ქუჩაში ცხოვრობს. მას პრობლემები ჰქონდა სამართლებრივ ასპექტში, თავშესაფარში იყო და გამოიქცა”- მაია მეტონიძე.
ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც,
“შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა, არღვევდეს ადამიანის უფლებებს.
მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო”, – ნათქვამია განცხადებაში.