1854 წლის 4 ივნისს ოზურგეთიდან რამდენიმე ვერსტზე სოფლების ჭანიეთისა და ქაუთს შორის მოხდა რუსეთ-თურქეთის ომის (ყირიმის ომი) ერთერთი მნიშნელოვანი ბრძოლა, რომელშიც 12 000 რუსული სამხედრო შენაერთმა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველებისაგან შედგებოდა (მათ შორის გურიის, იმერეთის და თუშთა მილიცია) დაამარცხა 34 000-იანი თურქული კორპუსი.
გამარჯვებაში ქართველებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. მათ შორის თუშებმა დიდად გამოიჩნეს თავი. სამხდრო ისტორიკოსი გენერალი ვასილი პოტო თავის ნაშრომში (საქართველო და მისი ისტორიული წარსული დრო, თარგმანი ი. ბაქრაძის 1894 წელი) წერს:
„როდესაც ომის შემდეგ ჯარი ოზურგეთში აპირებდა და ბრუნებას, ჯარის უფროსს შეატყობინეს, რომ თუშები ტყეში დარჩნენ, მოკლულ კაცს ეძებენ და, ვიდრე არ იპოვნიან, წამოსვლას არ აპირებენო. ბევრი ეხვეწნენ, ბევრი ემუდარნენ თუშებს, მაგრამ იმათ თავისი არ დაიშალეს და მკვდარი კაცის ძებნაზე ხელი არ აიღეს. „წადით, ამბობდნენ ისინი – ჩვენ თვითონ ვიპოვნით გზასა“-ო. „იქნება დასჭრეს და ტყვედ წაიყვანეს თქვენი კაცი“ – ეუბნებოდნენ თუშებს, მაგრამ იმათ ეს არა სჯეროდათ. „არა, ჩვენი კაცი ტყვედ არავის გაჰყვება, ის უთუოდ მკვდარია!“
თუშებმა მთელი ტყე გადააქოთეს და ბოლოს როგორც იყო მაინც იპოვნეს მკვდარი. მაგრამ შემდეგ კიდევ ასტყდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ თუშებს თავიანთ ქვეყანაში უნდოდათ მკვდრების წაღება და მთავრობა კი ამის ნებას არ აძლევდა. ბოლოს მაინც დათანხმდნენ და შემოქმედის მონასტერში დამარხეს. იქვე დაასაფლავეს დანარჩენი მოკლული ქართველების გვამები, თავადნი შიგ ტაძარში, ხოლო დანარჩენნი გალავანში.
სამ დღეს შემოქმედის მეპატრონემ თავადმა დიმიტრი გურიელმა სამაგალითო ქელეხი გამართა.“
–
გურიის მილიციის ექიმს გრიგოლ შაბუროვს ჩაუწერია, ამ მოვლენასთან დაკავშირებით ორი თუშური ლექსი – „თუშთაგან გურიას მოსვლა და რჩევა, ვითარიომონოსმალთან“ და „სიმღერა ჩოლოქის სპასპეტსა ზედა“.
„თუშთაგან გურიას მოსვლა და რჩევა, ვითარ იომონ ოსმალთან“
არამც დამძრახოთ ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია
ვაჟო სადა ვართ, ალვანზედ დიდად შორს არის გურია
მამწყურდა ღვინო კახური, დიაც ნამცხვარი პურია
და თქვენც ბრძანეთ ამხანაგნო,
უნცროსთ დაგიგდოთ ყურია.
ძმაო შენ გახსოვს წითელი, გაქვს სიყმაწვილის ზნეობა,
აქ მოდით შევიკრიბენით, გვმართებს საქმისა რჩეობა,
ბიჭად ყოველნი მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა,
და სახელი დაგვრჩეს გურიას თუშებთა ქმნესო მხნეობა.
ომის დრო არის ვაჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია,
სადილი ვჭამოთ ადექით, ყველამ დავჩარხოთ ხმალია
ვინც უკან დარჩეს ამხანაგს იყოს ახმეტის ქალია
და თუ მოკვდეს ქვაზედ დავსწეროთ: სიცოცხლით იყო მფრთხალია.
ვაჟო რას ამბობ მეწყინა დიცთ წესია რიდება,
ქალის ლეჩაქიც დავხურე ვის ომი არა უნდება.
კაცი გავგზავნოთ სარდალთან, ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,
და თუ არ გვაჩხუბებ თათართან თუშნი აქ რაღას გინდება.
ვინცა გავგაზავნეთ მოვიდა, სარდალმა გაიცინაო,
ებრძანა: ჩემო თუშებო ხვალ ნახოთ მტერთა ბინაო.
მეორეს დილით ივანე ჯართა გაუძღვა წინაო,
და ულვაშის გრეხით თამამად საკვირვლად მოილხინაო.
ბატონო ჭირიც მოგჭამეთ თუშთა ცხენები მალია
მოწინავეთა გვიბრძანეთ გავცურავთ საცა წყალია
შორით მოვსულვართ რიგია პირველი გაცნობისაო
თუ ვარგა შენი თუშები ან მათი გორდა ხმალია.
ვითხოვთ პირველად მივიდეთ, ეს არი ჩვენი თხოვანი
შენი ვართ ალვან თუშები კაზმულ იარაღოვანი
თუში თუ უკან მოკვდება ვისგან ეღირსოს გლოვანი,
და მკუადარსაც დაგვძრახავს მესამძღვრე ფშავნი, ხევსურნი დ წოვანი.
მივიდეთ ანდრონიკოვთან ყველამ დავუკრათ თავიო,
მეხათ დავეცეთ თათართა დღე დავაყენოთ ავიო,
მყრალთა დიაცთა ოსმალთა ბევრთა ჩავაცვათ შავიო,
და სხვათა მდინართი მათ სისხლი ვჰყოთ ერთად შენართავიო
გამოსალმებით დავკოცნოთ დღე არის საომარია,
რაზმით მიმართოთ ერთიან საცა, რომ ურდო ჯარია,
ცეცხლათ გავუნდეთ შუაში, ავტეხოთ სისხლის ღვარია
და ვაჟკაცად ვინცა მოკვდება, ღმერთო აცხონე მკვდარია.
–
თეოდორ ჰორშელდტის (Theodor Horschelt) ნახატი – თუში მეომარი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა