ხელოვანთა დამოუკიდებელი ორგანიზაცია სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსს უნდობლობას უცხადებს და დასაქმებულებს გაფიცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია Facebook- ზე წერს.
ორგანიზაცია ამავე სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მოუწოდებს, რომ მიუხედავად სამინისტროს მხრიდან პერსონალის ინტერესების სრული იგნორირებისა, შეეცადონ მიმდინარე პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ. ის ასევე მოუწოდებს კულტურის სამინისტროს, არჩევისა და დანიშვნის სამართლიანი წესები შეიმუშაოს და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით, სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ხელახლა დანიშნოს.
”სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსებს ხელოვნების სფეროში დასაქმებულთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „გილდია“ უნდობლობას უცხადებს. კულტურის პოლიტიკა, კულტურის ინდუსტრია და უშუალოდ თეატრალური საქმიანობა წლებია დიდ კრიზისს განიცდის.
რეალური ცვლილებების პრაქტიკულად არარსებული პერსპექტივა სპობს ამ სფეროში დასაქმებულ პირთა მოტივაციას. კულტურის სფეროში ძირეული რეფორმების განხორციელება აუცილებელია, რაზეც „გილდიას“ განცხადება არაერთხელ გაუკეთები, თუმცა ნებისმიერი რეფორმის საწყისი უნდა იყოს სამართლიანი და დემოკრატიული პროცესები – სრულიად თავისუფალი დისკრიმინაციული მიდგომებისგან, პოლიტიკური გემოვნებისგან, ნეპოტიზმისგან და ა.შ” – წერს ორგანიზაცია.