NDI-ს კვლევა პოლიტიკის მკვლელობის შედეგსაც ასახავს – ამის შესახებ ,,დროას” ლიდერმა ,,ტვ პირველზე” ჩართვისას განაცხადა. ელენე ხოშტარიას შეხედულებით, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვამ წარმოაჩინა რეალური სურათი, რომ ხალხი პოლიტიკოსებს არ ენდობა და საზოგადოებაში არ არის განცდა, რომ პოლიტიკოსები რაღაცას შეცვლიან, ან შექმნიან.
NDI-ს კვლევამ ლოგიკური სურათი დახატა, მასში ჩანს ის ნიჰილიზმი და უფსკრული, რაც საზოგადოებაშია. ამან უნდა დაგვაფიქროს, ხელები კი არ უნდა ჩამოვყაროთ.
NDI-ს კვლევა, ვფიქრობ, პოლიტიკის მკვლელობის შედეგსაც ასახავს, რადგან ჩვენ ხომ რეალურად პოლიტიკის ცხოვრებაში არ ვცხოვრობთ, ეს არის რაღაც გადარჩენისთვის ბრძოლა, ეგზისტენციალური ბრძოლა, ადამიანების მოკვლის, ცემის წინააღმდეგ გალაშქრება. საზოგადოებაში არ მიმდინარეობს სამომავლო ხედვაზე მსჯელობა, რაც იქნებოდა ალტერნატივა ხალხისთვის და იგრძნობდნენ, რომ არსებობენ რაღაც ჯგუფები, რომლებსაც ესმით ჩვენი პრობლემები და აქვთ ხედვა, როგორ გადაჭრან ის.
ამ დღეებში ახალგაზრდებთან მქონდა კომუნიკაცია და პირველი, რაც თქვეს, არ ხდება პოლიტიკოსის იდენტიფიცირება, რომ ეს ხალხი რაღაცას შეცვლის, ან შექმნის.
ეს ყველაფერი ამ კვლევებში კარგად ისახება. – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ქვეყნის მთელი მასშტაბით კვლევა ჩაატარა. რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც, 55 ქულით, რეგიონში ლიდერობს.