საყოველთაოდ გავრცელებული ამბავია, გურიაში ჩასულმა კახელმა ვაზი მოიკითხა და გურულმა ადესა აჩვენა:
– აი, ამას ვსვამთ, მორწყვა ამას არ უნდა და მოვლა, მარა კაი ღვინო დგება.
ვაზზე ჯანშელეულმა კახელმა კი ჯერ ადესას შეხედა და, მერე გურულს და…
– ამას რომ სვამთ, სინდისი არ გაქვთ?!
სინამდვილეში გურულებს სინდისის დეფიციტი არა, მაგრამ ვაზის დეფიციტი ნამდვილად აქვთ – ორი საუკუნეა მთელ გურიაში ერთადერთი ჯიშის ვაზი – ადესა, ანუ იზაბელა ბატონობს. მართალია, ჭკვიანმა კაცმა გურიის სიმბოლო, საუკუნეების წიაღიდან მოღწეული ჩხავერიც შეინახა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო. საკვირველი კი ჩანდა ვაზის სამშობლოს რომელიმე მხარის ასეთი სიღატაკე, მაგრამ საქმე სხვაგვარად ყოფილა. გურიაში 64-ზე მეტი ვაზის ჯიშია აღრიცხული.
საკმიელა (საკმეველა) – თეთრყურძნიანი ჯიშია და გურიაში ხარობს. გურიის მთისპირა სოფლებში საკმიელა მასობრივად იყო გავრცელებული. ამ ჯიშის ყურძნის მარცვალი ღია მწვანეა – ფორმით მომრგვალო და სიმეტრიული. ჯიში მასობრივ სიმწიფეში ოქტომბრიდან შედის. გემოვნებითი თვისებების, ქიმიური შემადგენლობისა და მარცვლის კონსისტენციის მიხედვით, საკმიელა ერთ-ერთი გამორჩეული ჯიშია, რომლისგანაც საკმაოდ კარგი ღვინო მზადდება.
ჭუმუტა – ეს ჯიშიც გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მკვლევარი მაქსიმე რამიშვილი წერს, რომ ჭუმუტას ღვინო ხასიათდება ლამაზი, ღია წითელი შეფერილობით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით და კარგი გემოთი.
ჯანი – ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ისიც გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ჯანის ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, ჰარმონიულობითა და სასიამოვნო გემოთი. დაძველებისას მისი გემო კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება.
სხილათუბანი – ესეც იშვიათი ვაზის ჯიშია და საკმაოდ კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება. ისიც გურული წარმოშობისაა. ამ ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო მუქი წითელი შეფერილობისაა და საკმაოდ კარგი ხარისხისაა. ჯანის მსგავსად, სხილათუბანიც საგვიანო ჯიშია.