როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრაგმატული პოლიტიკის მიმდევარი ძალა მართავს. ლექსიკონში თუ ჩავიხედავთ, პოლიტიკური პრაგმატიზმის ანტონიმი პოლიტიკური იდეალიზმია. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ ძალას პოლიტიკურ იდეალიზმთან და მითუმეტეს იდეალების ერთგულებასთან საერთო არაფერი აქვთ. ამიტომ, ჯობს ისევ პრაგმატიზმს მივუბრუნდეთ და ის განვსაზღვროთ, მართლაც რამდენად პრაგმატულები და თანმიმდევრულები არიან მმართველი გუნდის წევრები.
ოცნების ხელისუფლების პრაგმატიზმის გაზომვის საუკეთესო საშუალებას საზოგადოებისთვის განსაკუთრებით აქტუალური ორი ძირითადი მიმართულების ანალიზი გვაძლევს: როგორია მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკა და მისი შედეგები და კოვიდ პანდემიის მართვა და დანაკარგების მასშტაბები.
ეჭვგარეშეა, რომ კოვიდთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკური პრაგმატიზმი მოსახლეობის დაცულობის ხარისხის ზრდას და გარანტიებს უნდა ეფუძნებოდეს. შესაძლოა მოსახლეობის სერიოზულ ნაწილს არ სჯეროდეს როგორც კოვიდის სასიკვდილო საფრთხის მასშტაბების, ასევე იმ შესაძლებლობების, რომლებიც მეცნიერებამ გამოიგონა მასთან საბრძოლველად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. მაგრამ პოლიტიკურად პრაგმატულად მოაზროვნე მთავრობა ყველა შემთხვევაში უნდა შეეცადოს ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც წამახალისებელი თუ ირიბად მაიძულებელი ფორმით ხელს შეუწყობს ქვეყანაში მსოფლიო მედიცინის მიღწევების რეალიზებას. ანუ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან კოვიდის წინააღმდეგ პრაგმატიზმი აცრის არათუ წახალისებაში, არამედ აქტიურ ხელშეწყობაში და მწვანე პასპორტების ეფექტიან გამოყენებაში უნდა გამოხატულიყო. რეალურად კი, მთავრობამ გასული ორი წლის განმავლობაში პანდემიის მართვაში პოლიტიკური არაპრაგმატულობის რეკორდები მოხსნა. მხოლოდ დღეს 26 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 44 კი სამწუხაროდ გარდაიცვალა, დადებითობის მაჩვენებელი კი 30-ს გადასცდა, რაც ყველა დროის ანტირეკორდი და სრული კატასტროფაა. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება მწვანე პასპორტს აუქმებს, რაც ცხადი დემოტივატორი გახდება ენთუზიაზმნაკლული ასაცრელებისთვის და კიდევ უფრო გააუარესებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას.
არაპრაგმატულობის კარგი მაგალითია ისიც, თუ როგორ იმართება საქართველოს საგარეო პოლიტიკა. ბრიტანულ-პოლონურ-უკრაინული ტრიოს სახით კვლავ ცოცხლდება ცნობილი პოლონელი მარშალის პილსუდსკის ზღვათაშორისი გაერთიანების იდეა. მთავარი გენერატორი დღეს უკვე ბრიტანეთია, რომელიც გამორიცხულია ვაშინგტონის მხარდაჭერის გარეშე აქტიურად ლობირებდეს ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მალე ვიხილოთ ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელშიც პირველ ეტაპზე ეს სამი ქვეყანა შევა. ინიციატივის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ ბალტიის სახელმწიფოები. ხოლო იმაზე, თუ კიდევ რომელ ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ ამ გაერთინების მიმართ ინტერესი, არა ბუნდოვნად არამედ ღიად და მკაფიოდ ითქვა კიევში პრემიერ ჯონსონის პრესკონფერენციაზე, როდესაც მან საქართველო და მოლდოვა ახსენა. ასე, რომ თუ პოლიტიკურ პრაგმატიზმზე ვსაუბრობთ, რაც საქართველოს დაცულობისა და უსაფრთხოების ხარისხის ზრდაში უნდა გამოიხატოს, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი პერსპექტივა, ნატოში გაწევრიანების შეფერხებული პროცესის კვალობაზე, საქართველოს კარგა ხანია არ ქონია. თუმცა, ოცნების ხელისუფლება არა მარტო ამ მიმართულებით პასიურობს. დღეს, როდესაც ოფიციალურ კიევს მთელი ცივილიზებული სამყარო გვერდით უდგას სიტყვით და საქმით, საქართველოს პარლამენტი იმასაც ვერ ახერხებს, რომ უკრაინის მხარდამჭერი ღირსეული რეზოლუცია მიიღოს, სადაც რუსეთს აგრესორად მოიხსენიებს. ამიტომ ვერც ამ მიმართულებით დავაბრალებთ პოლიტიკურ პრაგამატიზმს ქართული ოცნების ხელისუფლებას, რადგან ქვეყნის საგარეო პოლიტიკასაც და მის მომავალსაც ერთი კაცის პანიკური შიში განსაზღვრავს.
და ბოლოს, ის რომ ამ ხელისუფლებისთვის არც ქვეყნის თავისუფლება, არც დემოკრატია, არც ადამიანის უფლებები და არც ქრისტიანული ღირებულებები წარმოადენს მათი ერთგულებისა თუ პოლიტიკის მთავარ საზრისს, მიმხვედრი, უკვე დიდი ხნის წინ უნდა მიმხვდარიყო. ხოლო რაზეც ისინი საუბრობენ, ანუ პოლიტიკურ პრაგმატიზმზე თუ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკაზე, ეს მხოლოდ მოსახლეობის შედარებით გაუთვითცნობიერებელი ნაწილის განწყობების მანიპულირებას და მართვას ემსახურება, იმისთვის, რომ ივანიშვილმა ეროვნული სუვერენიტეტის ნიშნების გაქრობის, დემოკრატიის დასამარების, სიღარიბისა და შიმშილისგან დაოსებულ-დაუძლურებული, ქვეყნიდან ლუკმა-პურისთვის გადახვეწილი და კოვიდისგან დახოცილი ათასობით ადამიანის და მათი ოჯახების უწყვეტი ტრაგედიების ხარჯზე შეინარჩუნოს მისთვის ყველაზე ძვირფასი – ძალაუფლება.
ასეთ პრაგმატიზმში იდეალებისგან სრულიად დაცლილი ივანიშვილი, როგორც მისივე აპოლოგეტები უწოდებენ, მართლაც ქართული პოლიტიკის პელე აღმოჩნდა!
წყარო :ფორმულა