საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში კვლავ ექიმებისგან სრულ იზოლაციაში რჩება. უკვე თვეზე მეტია, მიხეილ სააკაშვილთან არც პირად ექიმს და ცენტრ “ემპათიას” ექსპერტებს უშვებენ.
მესამე პრეზიდენტის მონახულების ნებართვის მისაღებად ალტერნატიული კონსილიუმის ექიმებმა განაცხადი იუსტიციის სამინისტროში ჯერ კიდევ დეკემბერში შეიტანეს, თუმცა უშედეგოდ.
“ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ის, რასაც ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ აკეთებს, არაადამიანური მოპყრობის ფარგლებს სცილდება და წამების ფორმას იღებს.
ამასთან, ის პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, საჯარო განცხადება გააკეთონ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ტიპის მკურნალობა უტარდება მას.
“ეს უკვე არაადამიანური მოპყრობის ფარგლებს სცილდება. სამი თვის განმავლობაში ადამიანი არ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, რაც უკვე მიუთითებს იმაზე, რომ სახეზე გვაქვს მიზანმიმართული ინვალიდიზაცია ადამიანის.
მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, უკვე ერთი თვეა, შესვლის საშუალება არ გვეძლევა, გამობრძანდნენ, საზოგადოებას გასცენ პასუხი, ჯანმრთელია თუ არა მიხეილ სააკაშვილი, რა უმკურნალეს და რა შედეგები მიიღეს.
იგი გადის არაადეკვატურ მკურნალობას. კვლავ ეძლევა ანტიფსიქოზური პრეპარატი. მე განვიხილავ ამას ცალსახად წამებად”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.