აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთს უკრაინაში სრული შეჭრისთვის საჭირო სამხედრო ძალის სულ მცირე 70% ადგილზე ჰყავს მობილიზებული და საზღვარზე ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული სხვადასხვა მედია საშუალებები აშშ-ის ორი ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, პარასკევის მდგომარეობით, რუსეთის არმიამ უკრაინის მახლობლად დააყენა სულ 83 „ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი“, რომელთაგან თითოეული ზომით დაახლოებით ამერიკული ბატალიონის 750-დან 1000-მდე ჯარისკაცს უდრის. მანამდე მხოლოდ 60 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი იყო მობილიზებული და აღნიშნული რაოდენობის ზრდა ორ კვირაში განხორციელდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, კიდევ 14 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი რუსეთის სხვადასხვა ნაწილებიდან სასაზღვრო ზონისკენ მიემართება. მათი თქმით, აშშ-ს შეფასებით რუსეთს სრული შეჭრისთვის 110-დან 130-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი სჭირდება თუმცა პუტინს შეუძლია უფრო მცირე რაოდენობით კონტინგენტით შეჭრაც. ისინი ვარაუდობენ, რომ რუსეთს მიზნად ადგილზე 150 000 ჯარისკაცის ყოლა აქვს განზრახული და უახლოესი კვირების განმავლობაში შესაძლოა მიაღწიოს კიდეც ამ ნიშნულს.
მედია წერს, რომ უკრაინამ შეიძლება 5000-დან 25000-მდე ჯარისკაცი დაკარგოს , ხოლო რუსეთის მხრიდან დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა შეიძლება 3000-დან 10000-მდე იყოს. გარდა ამისა, შეჭრის შედეგად, სავარაუდოდ, დაზარალდება 25 000-დან 50 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.