ორდღიანმა უამინდობამ ბათუმში, კვლავ პრობლემები შექმნა – ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებულია სანაპირო ზოლი.
ძლიერი შტორმის გამო, ჩამოშლილია სავალი გზის ნაწილი, წაღებულია განათების ბოძები, ახალ ბულვარში 600-მეტრიან ზოლზე აღარ არის ნაპირი.
ტერიტორია წითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, რაც ნიშნავს, რომ ახალ ბულვარში გადასვლა აკრძალულია.
“ალბათ ფულიცაა გადახდილი, მაგრამ არაფერი კეთდება. ახლა მოდის 3-4 კაცი, მოხუცი ხალხი, ნიჩაბს გაიქნევენ-გამოიქნევენ, წავლენ, არაფერი კეთდება. წაიღებს ყველაფერს ზღვა და ტურისტები ხომ უნდა ჩამოვიდნენ, ჩვენც ხომ უნდა გამოვიდეთ, ვინც აქ ვცხოვრობთ, ძალიან უყურადღებობაა”, – ამბობენ ადგილობრივები.
ბათუმელები აღნიშნავენ, რომ “საქართველოს მთავრობა ვერ ხედავს ვერაფერს”.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები არ განხორციელებულა და შედეგად ბულვარის ინფრასტრუქტურას ყველა შტორმის დროს ზიანი ადგება.
ოპოზიცია სპეციალური კომისიის შექმნას და სამუშაოების სწრაფად დაწყებას ითხოვს.
“ყველა ეუბნებოდა, რომ თქვენ კი იხდით 55 მილიონს, მაგრამ შედეგი დადგება ის, რომ მოხდება სანაპიროს დაზიანება, რის წინაშეც დღეს ვდგავართ. საგანგაშო სიტუაციაა, ახლა აუცილებელია, რომ დასხდნენ სპეციალისტები და გამოსავალი ვეძებოთ”, – ამბობს ენმ-ის წევრი, ლევან ანთაძე.
საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” რევაზ ხარაზი კი ყვება: “მერი გამოვიდა და თქვა, რომ ნაპირი დაასუფთავა. ნაპირი აღარ გაქვს და რა დაასუფთავა მაინტერესებს. აღარ არის ფიქრის დრო, სასწრაფო წესით შევიკრიბოთ და გადავწყვიტოთ ამ ქალაქის ზოლი”.
ცნობისთვის, ბოლო 1 თვის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც სტიქიამ სანაპირო ზოლი დააზიანა.