როგორ დახატა სალვადორ დალიმ გურული აზნაური

ტრადიციულ სამოსში, ჩაქურაში, გამოწყობილი ქართველი დიდგვაროვანი, ფონზე – კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული ამირანი, არგონავტები, პეიზაჟი თოვლიანი მწვერვალებითა და საქართველოსთვის დამახასიათებელი არქიტექტურის შენობებით – ესპანელი სიურრეალისტის, სალვადორ დალის მიერ 1954 წელს შექმნილი „პრინც გურიელის პორტრეტი“  სიმბოლოებისა და მეტაფორების ერთობლიობით ზუსტად გადმოსცემს იმ სამშობლოს, რომელიც არჩილ ჭყონია-გურიელმა ემიგრაციის დროს დატოვა და უკან აღარასდროს დაბრუნებულა.

პორტრეტი დალის facebook-გვერდზე 3 თებერვალს გამოქვეყნდა და ქართველი და არამხოლოდ ქართველი აუდიტორიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო.

ვინ იყო არჩილ გურიელი-ჭყონია, როგორ მოხვდა გურული დიდგვაროვნის პორტრეტი გენიალური ესპანელი სიურრეალისტის ნამუშევრებს შორის და როგორ დახატა სალვადორ დალიმ ქართული მითოლოგიისა და ეპოსის ხატები, ტრადიციული სამოსი და პეიზაჟი მსგავსი სიზუსტით – ამის შესახებ ცნობები თავმოყრილია მკვლევარ ირაკლი მახარაძის წიგნში „ქართველები ამერიკაში“.  სწორედ ირაკლი მახარაძე დაეხმარა ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, შეეგროვებინა გურული ემიგრანტებისა და ოკუპაციის მსხვერპლთა ისტორიები, რომელთა შორის ერთ-ერთია არჩილ ჭყონია გურიელის ისტორია. სალვადორ დალის მიერ შექმნილი პორტრეტის ერთ-ერთი ასლი მუზეუმის ოკუპაციის კუთხეშია გამოფენილი.

უზეუმი

არჩილ გურიელი-ჭყონიას შესახებ „პუბლიკას“ ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, ნონა იმნაძე ესაუბრა.

ნონა იმნაძე გვიყვება, რომ არჩილი გურული აზნაურის, ჭყონიას ოჯახში 1895 წელს დაიბადა. თავად ამტკიცებდა, რომ ბებია გვარად გურიელი იყო. უფრო მაღალი წოდების მისაღებად მან ემიგრაციაში თავის გვარს ბებიის გვარი დაუმატა და იწოდებოდა, როგორც „პრინცი გურიელი“.

„ამის გამო თვითმარქვიასაც ეძახდნენ“, – გვეუბნება ნონა იმნაძე.

როგორ და ვისთან ერთად წავიდა არჩილ ჭყონია გურიელი ემიგრაციაში, ნონა იმნაძის თქმით, ამის შესახებ ცნობები მუზეუმში არ აქვთ. ცნობილია, რომ ის თავდაპირველად ავსტრალიაში გაემგზავრა, იქიდან საფრანგეთში, 1939 წელს კი– ამერიკაში.

საფრანგეთში არჩილ გურიელი ელიტურ წვეულებებზე სასურველი სტუმარი იყო. 1935 წელს ლანვინის მოდის სახლის დამფუძნებლის, ჟან ლანვინის ქალიშვილის წვეულებაზე არჩილ გურიელმა ჰელენა რუბინშტეინი გაიცნო, სამი წლის შემდეგ კი 23 წლით უფროს ქალზე დაქორწინდა. იმ დროისთვის ჰელენა რუბინშტეინი კოსმეტიკური იმპერიის მფლობელი იყო.

„როგორც ამბობენ, ეს ქორწინება ორივე მხარეს აძლევდა ხელს – გურიელს მეუღლის ფული, რუბინშტეინს კი დიდგვაროვნის წოდება სურდა. ქორწინების შემდეგ ქალი თავს „ჰელენა პრინცესა გურიელს“ უწოდებდა. შეუღლების შემდეგ გურიელი ცოლის ბიზნესში ჩაერთო და ერთობლივად დაიწყეს Gourielli Apothecary-ის სახელწოდებით ქალის და კაცის კოსმეტიკის ძვირადღირებული ხაზის გამოშვება“ – ამბობს ნონა იმნაძე.

პარიზსა და ნიუ-იორკში პრინცი გურიელი და ჰელენა რუბინშტეინი ბოჰემური, მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობდნენ – ჯაზის საღამოები, კოქტეილები, კინოპრემიერები, მიუზიკლები… თამაშობდნენ ბრიჯს. ორივე ქალაქში ცოლ-ქმარს უზარმაზარი სახლები ჰქონდათ.

„სტუმრებს ქართული სტუმართმოყვარეობითა და ხელგაშლილობით ხვდებოდა; კარგი გარეგნობისა და უშუალობის წყალობით სწრაფად იძენდა ახალ მეგობრებს მაღალ წრეებში“,– წერს ირაკლი მახარაძე არჩილის შესახებ.

ჰელენასა და არჩილს დიდი და მრავალფეროვანი სანაცნობო წრე ჰყავდათ. მათ მეგობრებს შორის იყვნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები: ჯანეტ მაკდონალდი, ეროლ ფლინი, გრეგორი პეკი, მწერლები: ერნესტ ჰემინგუეი, ჯეიმს ჯოისი, ხელოვანები: ფრიდა კალო, პიკასო, სალვადორ დალი და გალა…

helena-Picaso
„სალვადორ დალიმ დახატა არჩილ გურიელი ისე, როგორც თავად მოუყვა – კავკასიის მთების ფონზე, ჩანს მიჯაჭვული ამირანიც… როგორც აღუწერა გურიელმა საქართველო, ისე დახატა, ჩაქურაში გამოწყობილი“, – ამბობს ნონა იმნაძე.

დალიმ 1943 წელს ჰელენის პორტრეტიც შექმნა, სახელწოდებით „პრინცესა გურიელის პორტრეტი“. მკვლევარ ირაკლი მახარაძის მიხედვით, სალვადორ დალი არჩილისა და ჰელენა რუბინშტეინის ბინის დიზაინერიც იყო.

არჩილ გურიელის პორტრეტი 1997 წელს სოტბის აუქციონზე გაიყიდა. სალვადორ დალის ნამუშევრის ორიგინალი, სავარაუდოდ, კერძო კოლექციაშია დაცული.

1945-1947 წლებში არჩილ გურიელი-ჭყონია ამერიკაში საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარე ყოფილა. ნონა იმნაძის თქმით, ასოციაცია ქართველ ემიგრანტებს ეხმარებოდა.

„არჩილი იმით არის ცნობილი, რომ თავის ნათესავებს ეხმარებოდა. არავინ მიუტოვებია. მაშინ უკვე კომუნისტური წყობა იყო და ძნელი იყო, მაგრამ ისიც მოახერხა, რომ რამდენიმე ნათესავი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ წაიყვანა“, – ამბობს იმნაძე.

არჩილ გურიელი-ჭყონია 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მას შთამომავლობა არ დარჩენია, მთელი ქონება, საქორწინო კონტრაქტის მიხედვით, ჰელენა რუბინშტეინის მფლობელობაში გადავიდა. არჩილ გურიელი-ჭყონია ამერიკაშია დაკრძალული.

წყარო : publika.ge

 

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share