ერთთვიანი უამინდობის შედეგად, ბათუმში, ძლიერმა შტორმა 600-მეტრიანი სანაპირო ზოლი დაანგრია და გაანადგურა. ნაპირზე გადმოსულმა ზღვის წყალმა სრულად მოშალა გარე განათების ბოძები, სტიქიამ დააზიანა სკამები და ბულვარის სხვა ინვენტარიც.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები თვლიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დაუდევრობამ სანაპირო ზოლის რღვევა გამოიწვია. 2012 წლამდე არსებობდა პროექტები, რომლის თანახმადაც, სანაპირო ხელოვნურად მაგრდებოდა, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ეს პროგრამა შეცვალეს და მის ნაცვლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ნაპირი სამშენებლო მასალით გაემაგრებინათ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ამ განცხადებს სპეციალურად შექმნილი კომისიის ერთ-ერთი წევრი ადასტურებს. თემურ მეტრეველი განმარტავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, სანაპირო ზოლზე კვლევა არ ტარდება. ახლა კი დროებითი ღონისძიების ფარგლებში ჭოროხიდან ნატანი ქვა-ღორღის გაშლას აპირებენ, რათა ნაპირი ხელოვნურად გამაგრდეს.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები კი მერის ინიციატივით შექმნილი კომისიის წევრებს უნდობლობას უცხადებენ. ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებულები არიან, რომ საჭიროა შეიქმნას ისეთი შერეული კომისია, რომელიც სპეციალისტებით დაკომპლექტდება და ადგილობრივ ბიუჯეტს ისევ ტყუილად არ გაფლანგავს.
წყარო : მთავარი არხი