ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს კობა ხაბალაშვილს თავს საკუთარი თანამშრომლები დაესხნენ
თავდასხმა გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შენობაში, სამუშაო საათებში მოხდა.
ამის შესახებ „გურიის მოამბეს“ ოზურგეთის მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა უთხრეს.
მათივე თქმით, თანამშრომლებსა და ხაბალაშვილს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში მალევე გადაიზარდა.
მდგომარეობა იმდენად მძიმე გახდა, რომ მათი გაშველება დაცვამ რის ვაი-ვაგლახით შეძლო.
დაცვის წევრების თქმით, დაპირისპირების მიზეზი „რაღაც“ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ მოწერა გახდა.
„მგონი ხაბალაშვილი თანამშრომლებისაგან რაღაცა დოკუმენტზე ხელის მოწერას მოითხოვდა, თანამშრომლები კი უარს აცხადებდნენ და დაპირისპირებაც ამის გამო მოხდა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საქმე მგონი მერიიდან თანამშრომლების გაგდებას ეხებოდა“ – გვიყვება მერიაში მისულებს დაცვის ერთ ერთი თანამშრომელი.
„გურიის მოამბეს“ ჟურნალისტები მერიაში გუშინ იმყოფებოდნენ, მათი მიზანი საკრებულოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და აქტუალურ საკითხებზე მათთან რამდენიმე კითხვის დასმა იყო.
თუმცა დაცვამ საკრებულოში არ შეგვიშვა, მოიმიზეზა რა, რომ პრეს სამსახური ამის ნებართვას არ იძლეოდა.
ჩვენი თხოვნით ადგილზე საკრებულოს პრეს სამსახურის უფროსი ნათია ღურჯუმელიძე მოვიდა, მან ჩვენგან მოითხოვა იმ პირთა სია, ვისთანაც გვინდოდა შეხვედრა, ის საკითხები, რაზეც გვინდოდა გვესაუბრა და ის კითხვები რაც გვინდოდა რომ დაგვესვა, შემდეგ დაგვპირდა, რომ ამას განიხილავდა და პასუხს გვაცნობებდა.
ჩვენც ლოდინის რეჟიმში ვიყავით და დაცვის წევრებთან გასაუბრება მათივე სურვილით, მას შემდეგ შევძელით, როცა ამ უკანასკნელებს ჩვენთვის საკრებულოში ასასვლელი კიბეები ჰქონდათ გადაკეტილი და ჩვენთან პირისპირ დარჩნენ:
„ჩვენი ზორი გვეყოფა ხალხო ამათი შემხედვარე და თქვენც ჩვენ ნუ გვლანძღავთ გთხოვთო“ – გვითხრა დაცვის ერთერთმა წევრმა, შიდა აუდიტის სამსახურისს უფროსის, კობა ხაბალაშვილის ცემის ამბავიც, მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა ჟურნალისტები დაცვის წევრების „ზორით“ დაინტერესდნენ.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
მერიის თანამშრომლებმა დაპირისპირების ფაქტი დაგვიდასტურეს:
გავარკვიეთ, რომ ოზურგეთის მერს, ავთო თალაკვაძეს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსისათვის, კობა ხაბალაშვილისათვის რამდენიმე დღე მიუცია ვადა, რომ მისთვის არასასურველი პირების სამსახურიდან გასაშვებად, ამ უკანასკნელმა სასწრაფოდ მოამზადოს დასკვნა, რომლის საფუძველზეც ეს მოხდება.
ხაბალაშვილსაც რამდენიმე ათულ თანამშრომელზე დასკვნა სასწრაფოდ გაუმზადებია, თუმცა მას საკუთარი თანამსრომლები დაუპირისპირდნენ.
სალომე კურდღელაშვილი მიიჩნევს, რომ დასკვნა არაკომპეტენტურია და მის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება არაკანონიერია, რის გამოც ამ დასკვნას ხელს არ აწერს.
„სალომე კარგი ადამიანია და მისთვის მიუღებელია უმიზეზოდ ამდენი ადამიანის ქუჩაში გაყრა“ გვითხრა ოზურგეთის საკრებულოს ერთ ერთმა თანამშრომელმა.
მომხდარი ინცინდენტი საკრებულოშიც დაგვიდასტურეს თუმცა ოფიციალური კომენტარისაგან თავი შეიკავეს.
სწორედ ეს გახდა მათი დაპირისპირების მიზეზი.
ჩვენ შევეცადეთ მხარეებს დავკავშირებოდით, თუმცა ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.