დღეს, ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეა. XIX საუკუნის მეორე ნახევრის გურული ყოფა, გურული გლეხის ცხოვრება, გურული ფირალების მებრძოლი სახეები ეგნატე ნინოშილმა პირველმა ასახა, გურული კოლორიტი პირველმა შემოიტანა და რომ არა ნინოშვილი, ამ თვალსაზრისით ქართულ ლიტერატურაში ცარიელი ადგილი, თეთრი ლაქა იარსებებდა. ერთი გურული გლეხი ამბობდა: ,,…იმ ნიგოროყვას (ასეა ტექსტში -ავტორები) გამოთქმული წიგნები რომ წევიკითხე, კაკალ გულზე გადამნარა; რავა ბეჭედივით წერს იგი დალოცვილის შვილი სოფლის კაცის ცხოვრებას და გაჭირვებას, ასე მგონია, საცხედან ჩემი ამბავი გოუგია და იგი დუუწერია მეთქინ”.
მწერალი და პუბლიცისტი ნიკოლო მიწიშვილი წერდა: ,,საკუთარ სოფელშია ნინოშვილი დაკრძალული. მაგრამ ეგნატე ნინოშვილის მოწამებრივი ცხოვრება მოცემულია ნაღველით სავსე მისსავე სიტყვებში, როცა ის უსაყვედურებს იმ ,,ნაციას”, რომელსაც თავის საუკეთესო მწერლისათვის ,,არ ემეტება შვიდკაპიკიანი ,,პორცია”.
ჭლექმა, შიმშილზე გამრავლებულმა და სიკვდილად მის ფილტვებში ჩასრესილმა, უდღეოდ გააცივა ეს ათრთოლებული სიმი და ის იმგვარადვე გადასრისა ქართულმა ცხოვრებამ, როგორც მის მიერ დატირებული გოგია უიშვილი. ჭეშმარიტად, ეგნატეს საფლავზე უნდა გაშლილიყო ,,უცხო ყვავილი” ახალი ცხოვრებისა, რომ მის ქვეყანას ოდნავ მაინც გამოსეყიდნა ეგნატეს ადამიანური წვალება და მისი უდროოო სიკვდილი, რომელიც მკვლელობას უფრო ჰგავდა”.
როცა გალაკტიონ ტაბიძე მიმოიხილავდა მის მოთხრობას ,,ქრისტინეს” ის აღნიშნავდა, რომ ,,მწერალი აძლევს ამ ქალს სიცოცხლეს, რომლის მსგავსი არც მანამდე არც შემდეგ ქართულ მწერლობაში არ შეგვხვედრია”. დავამატებდით, რომ ნინოშვილის ყველა ნაწარმოები საოცრად კინემატოგრაფიულია, პრაქტიკულად მზა სცენარია, რომელიც მხოლოდ ეკრანზე გადატანას მოითხოვს, პირველი ქართული მხატვრული ფილმის ,,ქრისტინე” (1919, რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა) გადაღების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლდათ.
წყარო : ამონარიდი მომავალი წიგნიდან ლანჩხუთი, ირაკლი მახარაძე, ნონა იმნაძე,
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.