“საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო შავი სიები და კონკრეტული თემების დაბლოკვის პრობლემა” – ცენზურა პირველ არხზე

“გადაცემას წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჰქონდა ცენზურასთან სერიოზული პრობლემა, გადაცემის სარედაქციო პოლიტიკასთან გვქონდა სერიოზული პრობლემა”- ეს სკანდალური განცხადება  “ახალი კვირის” ყოფილმა წამყვანმა, იმედა დარსალიამ, “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტის მხრიდან კონკრეტული თემების დაბლოკვის მცდელობებს ჰქონდა ადგილი.

”მე 2 წლის განმავლობაში ვცდილობდი, ტოპ მენეჯმენტიდან დაწყებული, ყველა რგოლთან ეს პრობლემები მოგვეგვარებინა, რადგან ეს არის “საზოგადოებრივი მაუწყებელი” და “ახალი კვირა” იყო კვირის შემაჯამებელი ანალიტიკური გადაცემა, ამიტომ გამორიცხულია, ნებისმიერი ტიპისა და თემის დაბლოკვა. საბოლოო ჯამში ეთერიდან გამიშვეს”- თქვა იმედა დარსალიამ. 

ჟურნალისტის თქმით, “საზოგადოებრივ მაუწყებელში” ე.წ. შავი სიები არსებობს.

”ამას პირველად ვამბობ,  იყო შავი სიები, თუმცა მეტ კონკრეტიკას ამ ეტაპზე არ ვაპირებ, რადგან სასამართლომდე აუცილებლად მივალთ, სადაც ყველაფერს ვიტყვი. შავი სიები ნიშნავს, ვინ უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა და ვინ არა, ეს მოდიოდა შიდა მენეჯმენტიდან.

მინდა ვთქვა, რომ ეს პრობლემები, არხის დირექტორის ჩარევით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოვაგვარეთ. გეტყვით, რომ ანალიტიკურ გადაცემაში “ახალი კვირაში” პოლიტიკა ოფიციალურად იყო აკრძალული, თუმცა არხის დირექტორთან მოლაპარაკებით და მისი ჩარევით, პოლიტიკა დაბრუნდა და ყველა პრობლემური საკითხი ეთერს დაუბრუნდა, ეს იყო მცირე მაგრამ კარგი პერიოდი “ახალი კვირის” გუნდისთვის. მეტ-ნაკლებად მიწევდა, ომი კრიტიკული თემის ეთერში გასასვლელად “- თქვა ჟურნალისტმა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან გადაცემა “ახალი კვირა” გაქრა. ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა ყოველგვარი განმარტების გარეშე, რეორგანიზაციის საბაბით  დახურა.

tv pirveli

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share