პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით საქართველო უსაფრთხოების ინტერესებით ხელმძღვანელობს. მისი აზრით, “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა ოპოზიციური პარტიები “ისტერიას აწარმოებენ” და მმართველი გუნდი მათი დღის წესრიგით არ იხელმძღვანელებს.
პაპუაშვილმა თქვა, რომ ენმ ამ სიტუაციაშიც საკუთარი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის წამოწევას ცდილობს.
“რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით, აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება, ამ პრინციპებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესაბამისად გვერდში დაუდგება უკრაინას. […]
რაც შეეხება ენმ-ს თუ ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან წარმოებულ ისტერიას, იქნება ეს სანქციები, რეზოლუცია თუ ა.შ რა თქმა უნდა, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ხალხის მანდატით და არა ენმ-ს დღის წესრიგით, კარნახით ან მათთან შეთანხმებით”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, მთავარი მიზანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს ხელისუფლება იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რაც ზემოთ აღნიშნულ პრინციპებზე იქნება დაყრდნობილი.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი არა თუ მხარს უჭერენ, მოუწოდებენ დასავლელ პარტნიორებს იყვნენ მტკიცე და მკაფიო საკუთარ გადაწყვეტილებებში.
“საერთოდ ეს კითხვები რომ ისმევა საქართველოში, მე მიმაჩნია ეს უკვე თავისთავად ოპოზიცის ნაწილის მხრიდან წამოსულ თვითგვემის პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, უკრაინელი ხალხი ჩვენ მადლობას გვიცხადებს იმ რეზოლუციისთვის, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა”, – თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ოპოზიციას ურჩევს დააკვირდნენ ზელენსკის სიმშვიდეს და მტკიცე პოზიციას.