„რუსულო სამხედრო ხომალდო…წადი სამ ასოზე!”- გმირები სიკვდილის შემდეგ

ყველა ომს თავის გმირები ჰყავს და გუშინ დაწყებულმა რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, ახალი გმირები დაბადა… გმირული სიკვდილის შემდეგ.

600 მ სიგრძის პატარა კუნძული ზმეინი შავ ზღვაში,უკრაინის სანაპიროდან 33 კმ-შია და იქ წლებია, უკრაინელი მესაზღვრეების პოსტი იყო განთავსებული,სადაც ორ ათეულამდე უკრაინელი მესაზღვრე მსახურობდა.

2-surati-1645773844.jpg
კუნძული ზმეინი, რომელსაც უკრაინელები სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ…

24 თებრვალს, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების პარალელურად, ამ პატარა კუნძულს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორი სამხედრო ხომალდი მიადგა, მათ შორის ფლაგმანი, 186 მ სიგრძის სარაკეტო ხომალდი „მოსკვა“(ეს, ის „მოსკვაა“,რომელიც აგვისტოს ომის დროს საქართველოს სანაპიროსთან დრეიფობდა და მზად იყო თავისი 8 ტონიანი „ვულკანის“ რაკეტები ფოთისკენ“ გაესროლა).

რუსმა მეზღვაურებმა რადიოეთერში გადასცეს – მე ვარ რუსული სამხედრო ხომალდი, კუნძულზე მყოფებო დაყარეთ იარაღი და დაგვნებდით, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვსო…

3-surati-axali-1645773922.jpg
კუნძულის დამცველი უკრაინელი მებრძოლები

კუნძულ ზმეინზე მყოფი ორ ათეულამდე უკრაინელი მესაზღვრე და სამხედრო ხვდებოდა, რომ მართლაც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – მათ პატარა კუნძულს მიადგა შავ ზღვაში ყველაზე ძლიერი, რუსეთის ფლოტის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა, რომლისაც ნატოს ფლოტებსაც კი ენიშინიათ, ამასთან რაიმე დახმარებაზე ფიქრი მეთაურების მხრიდან გამოირიცხა, რადგან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობდა და მათთვის ვერავინ მოიცლიდა, ან დახმარება მაინც რომ გაეგზავნათ, ბლოკირებულ კუნძულთან მას რუსული სამხედრო ხომალდები ახლოსაც არ გააჭაჭანებდნენ…

და მიუხედავად ასეთი გამოუვალი მდგომარეობისა, რადიოეთერში საპასუხოდ გაისმა – რუსულო სამხედრო ხომალდო… წადი სამ ასოზე!

სამ ასოზე გაგზავნის საპასუხოდ, რუსულმა ხომალდებმა სულ რაღაც 20 ჰექტარის ფართობის კუნძულის დაუნდობელი საარტილერიო დაბომბვა დაიწყეს, მათ შორის კრეისერ „მოსკვას“ 130 მმ კალიბრის ორლულიანი ავტომატური ქვემეხიდან, 33 კგ-იანი ფუგასური ჭურვებით…

4-surati-1645774005.png
რუსული სარაკეტო ხომალდი „მოსკვა“

საარტილერიო კანონადის შემდეგ რუსებმა დაუმორჩილებელ კუნძულზე საზღვაო დესანტის გასხმა სცადეს, მაგრამ კუნძულის დამცველები ცეცხლით შეეგებნენ – ისინი დანებებას არ აპირებდნენ…

ამის შემდეგ კი სარაკეტო კრეისერმა „მოსკვამ“ დასახმარებად ავიაცია გამოიძახა და ანექსირებული ყირიმიდან მოფრენილმა რუსულმა ბომბდამშენებმა 500 კგ-იანი საავიციო მსხვრევად-ფუგასური ბომბებით კუნძული „გადახნეს“…

5-surati-1645774051.jpg
„მოსკვას“ 130 მმ-იანი ავტომატური ქვემეხიდან სროლის მომენტი

გუშინ საღამოს კუნძულ ზმეინის დამცველი 13 უკრაინელი მესაზღვრე და სამხედრო გმირულად დაიღუპა ასეთ უთანასწორო ბრძოლაში (თუმცა არ არის გამორიცხული კიდევ იყვნენ დაღუპულები ან სულაც გადარჩენილები, ამას დრო გაარკვევს).

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ კუნძულის 13-ივე დამცველს სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა…

წყარო: კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share