“ჯობდა სააკაშვილისთვის მოგვესმინა” – ალექსანდერ ვერშბოუ პუტინზე, საქართველოზე..

„პრეზიდენტმა პუტინმა ჩვენს ყველა მოლოდინს გადააჭარბა”, ეუბნება ალექსანდერ ვერშბოუ რადიო თავისუფლებას გრძელ, გულახდილ ინტერვიუში. ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილისა და აშშ-ის ყოფილი ელჩის გაკვირვება არცთუ მარტივი იყო, მაგრამ უკრაინაში ასეთმა დრამატულმა, მასშტაბურმა შეჭრამ ვერშბოუ წარსულ შეცდომებსა და სამომავლო ნაბიჯებზე დააფიქრა.

ალექსანდერ ვერშბოუ: ”პუტინი შეპყრობილია იდეით, ცივი ომისშემდგომ წესრიგს ძირი გამოუთხაროს და ევროპა გავლენის სფეროების ერაში დააბრუნოს, სადაც დიდი ერები პატარა ერებზე ბატონობენ. ეს განსაკუთრებული სინანულით მავსებს, რადგან უშუალო მონაწილე ვიყავი ბევრი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, რომელმაც საბოლოოდ დაამთავრა ცივი ომი – როდესაც დავიწყეთ ერთიანი და თავისუფალი ევროპის შენება. დამთრგუნველია იმის გააზრება, რომ პუტინმა ეს ყველაფერი მოაშთო…

ერთიანი ევროპის ხედვა, ვფიქრობ, ისევ ცოცხალია, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი გაშმაგებით ცდილობს, უკრაინა დემოკრატიულ სამყაროს გამოგლიჯოს და რუსულ დიქტატს დაუქვემდებაროს. ვფიქრობ, რომ ნატოს გაფართოების გადაწყვეტილება ახლა უფრო ჭკვიანურად მოჩანს, ვიდრე ოდესმე – კიდევ კარგი, კიდევ კარგი, რომ პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიღება მოვასწარით! და ეს იმასაც გვახსენებს, რომ მეტი უნდა გაგვეკეთებინა, როცა გვქონდა შანსი, უკრაინა და საქართველოც „მიგვება“ ალიანსისთვის… დღეს ზოგი ცდილობს, ნატოს გაფართოება განტევების ვაცად აქციოს და რუსული აგრესია ამას გადააბრალოს – ეს, ვფიქრობ, უსამართლობაა. ბევრი სხვა მიზეზია, თუ რატომ გადაწყვიტა პუტინმა საერთაშორისო ურთიერთობების უბის წიგნაკი დახიოს და ისტორია უკან დააბრუნოს, მათ შორის, მცდელობა, რუსეთს როგორმე დემოკრატიის „ვირუსი“ აარიდოს.
ვიკილიქსის წყალობით, დღემდე კარგად „იყო ტენდენცია, 2008 პრეზიდენტ სააკაშვილისთვის დაებრალებინათ – რომ ის იმდენად უგუნური აღმოჩნდა, რომ ვაშინგტონის რჩევას ყური არ უგდო და კრემლის ხაფანგში გაება“. მახსოვს, რა მითხრა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როდესაც 2009 წელს ჩამოსული ვიყავი საქართველოში, როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე. მან თქვა, აი, ნახავთ, შემდეგი ყირიმი იქნება. ჯობდა მოგვესმინა მისთვის… უნდა მოგვესმინა პუტინისთვისაც 2007 წელს… მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, პუტინთან მიმართებით 2007 – 2008 წლამდეც ბევრი შეცდომა დავუშვით… იმიტომ, რომ გულწრფელად გვჯეროდა, რომ რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა შეიძლებოდა, მიუხედავად უთანხმოებებისა ერაყის ომზე, კოსოვოზე… ისიცაა, რომ ბუშის ადმინისტრაციაში არსებობდა ტენდენცია – მიიჩნევდნენ, რომ რუსეთი მნიშვნელოვან აქტორს აღარ წარმოადგენდა.” – აცხადებს ალექსანდერ ვერშბოუ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share