ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ მოახდენს რუსეთის ცენტრალური ბანკის პარალიზებას.
“ევროკავშირი და მისი პარტნიორები მუშაობენ, რათა დააზიანონ პუტინის შესაძლებლობები, რისი მეშვეობითაც ის ომს აფინანსებს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობა ამოღებულ იქნას SWIFT-დან. ეს უზრუნველყოფს ამ ბანკების გათიშვას საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან და ზიანს მიაყენებს მათ ფუნქციონირებას გლობალურად.
SWIFT-ი არის მსოფლიოში დომინანტური გლობალური საბანკო გადახდების სისტემა, შესაბამისად ბანკების ჩამოშორება შეაჩერებს მათი ფინანსური ტრანზაქციების უმეტესი ნაწილის განხორციელებას მთელ მსოფლიოში და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს. ჩვენ მოვახდენთ რუსეთის ცენტრალური ბანკის პარალიზებას,”- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
დიდი ხანია კიევი ითხოვდა, რომ SWIFT-დან ჩაეხსნა რუსეთი, შესაბამისად ზელენსკი დადებითად შეხვდა ამ ფაქტს და თქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და ის ფასი, რომლის გადახდაც მოუწევს რუსეთს ამ აგრესიის გამო.
დმიტრო კულება აღნიშნავს, რომ დიპლომატიური მისიების დახმარებით იქნა ეს შედეგი მიღწეული და ერთგვარი გზავნილიც ჰქონდა მას, რომ “ჩვენ ერთად დავამარცხეთ ჰიტლერი, შესაბამისად დავამარცხებთ პუტინსაც”.