უეფას ეგიდით თამაშის უფლება შეიძლება ყველა რუსულმა კლუბმა დაკარგოს. ორშაბათს უეფას აღმასრულებელი კომიტეტი გაიმართება, რომელიც განიხილავს რუსეთის მონაწილეობას უეფას ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.
აღნიშნული სანქცია რუსეთს უკრაინაში შეჭრის და ფართომასშტაბიანი იერიშის მიტანის გამო დაეკისრება. დასავლური მედიის ინფორმაციით, სანქციებს ყველაზე აქტიურად უეფას ვიცე-პრეზიდენტი ზბიგნევ ბონიეკი უჭერს მხარს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უეფას სანქციები ფიფას მოქმედებას აიძულებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს შესაძლოა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში მონაწილეობა აეკრძალება.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) მოუწოდა ყველა სპორტულ ფედერაციას გადადოს ან გააუქმოს ყველა შეჯიბრი რუსეთსა და ბელარუსში.
იმავე დღეს ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა მანჩესტერ იუნაიტედმა გამოაცხადა, რომ წყვეტს სპონსორობის ხელშეკრულებას რუსულ ავიაკომპანია აეროფლოტთან. გარდა ამისა, უეფამ გადაწყვიტა რუსეთს ჩამოერთვას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება და ამასთან, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ გააუქმა სოჭის გრანპრი.