რას წერდა გამარჯვებაში დარწმუნებული რუსეთი “რია ნოვისტის” საიტზე – სკანდალური ინფორმაცია

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ნათია მაჭარაშვილი რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება და წერს:

“ისეთი დარწმუნებული იყო რუსეთი თავის სწრაფ გამარჯვებაში, რომ “რია ნოვისტი”-ს საიტზე, 27 თებერვალს წინასწარ დაწერილი და შენახული საზეიმო ტონის სტატია ავტომატურად გამოქვეყნდა. კი წაშალეს მალევე, მაგრამ გუგლმა შეინახა. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები წერია. ამიტომ, არ დამეზარა და ქართულად ვთარგმნე, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა რომ წაიკითხოს რას უპირებ(დნ)ენ უკრაინას და დანარჩენ მსოფლიოს.
ცოტა დიდი კია, მაგრამ საინტერესოა:)) შეცდომებისათვის წინასწარ ბოდიში, ვჩქარობდი ძალიან.

“ჩვენს თვალწინ ახალი სამყარო იბადება. სამხედრო ოპერაციამ – რუსეთ-უკრაინაზე, ახალი ეპოქა დაიწყო, თანაც ერთდროულად სამ განზომილებაში. და რა თქმა უნდა მეოთხეშიც, რუსეთის შიგნითაც. აქ დაიწყება ახალი იდეოლოგიისა და სოციალურ-ეკონომიკური მოწყობის პერიოდი, თუმცა, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.

რუსეთი თავის ერთიანობას იბრუნებს, 1991 წლის ტრაგედია, ეს საშინელი კატასტროფა ჩვენი ისტორიისათვის, მისი გამოწვეული არაბუნებრივი განლაგება უკვე დაძლეულია. კი, დიდი ფასი დაგვიჯდა და კი, ტრაგიკული მოვლენების – ფაქტობრივად სამოქალაქო ომის შემდეგ, იმიტომ, რომ ახლაც, ჯერ კიდევ ერთმანეთს ესვრიან ძმები, რუსეთისა და უკრაინის არმიად დაყოფილი, მაგრამ უკრაინა, როგორც ანტი-რუსეთი აღარ იარსებებს. რუსეთი აღიდგენს თავის ისტორიულ მთლიანობას, კრებს რა რუსულ სამყაროსა და რუს ხალხებს ერთად – ველიკორუსებს, ბელორუსებს და მალორუსებს. ჩვენ რომ ამაზე უარი გვეთქვა, დროებით გაყოფას საშუალებას მივცემდით გაგრძელებულიყო საუკუნე, რითაც არა მხოლოდ წინაპრების ხსოვნას ვუღალატებდით, არამედ ჩენი შთამომავლობისგანაც დაწყევლილი ვიქნებოდით, იმის გამო, რომ რუსეთის მიწის დაშლა დავუშვით.

ყოველგვარი გადამეტების გარეშე, ვლადიმერ პუტინმა აიღო საკუთარ თავზე ისტორიული პასუხისმგებლობა, უკრაინის საკითხის გადაწყვეტა მომავალი თაობებისათვის არ დაეტოვებინა. იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილების აუცილებლობა რუსეთისთვის ყოველთვის მთავარ პრობლემად დარჩებოდა ორი მიზეზის გამო. ეს იქნებოდა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხი, ანუ უკრაინისაგან ანტი-რუსეთისა და რუსეთზე დასავლეთისაგან წნეხისათვის ფორპოსტის შექმნა და ეს მეორეხარისხოვანი პრობლემაა. მნიშვნელობით პირველად ყოველთვის დარჩებოდა გაყოფილი ხალხი კომპლექსი, ეროვნული დამცირების კომპლექსი – როცა რუსულმა სახლმა თავდაპირველად დაკარგა თავისი ფუნდამენტის ნაწილი (კიევი) და მერე იძულებული გახდა ორი სახელმწიფოში ერთი ერის კი არა, უკვე ორი ერის არსებობას შეგუებოდა. ანუ, უარი უნდა გვეთქვა ჩვენს ისტორიაზე და დავთანხმებოდით გიჟურ ვერსიებს, იმის შესახებ, რომ “მხოლოდ უკრაინაა ჭეშმარიტი რუსი”, ანაც უძლურად გვეღრჭიალებინა კბილები და გაგვეხსენებინა ის დრო, როცა “უკრაინა დავკარგეთ”. უკრაინის დაბრუნება, ანუ რუსეთისაკენ შემობრუნება ყოველ მომავალ ათწლეულში უფრო რთული იქნებოდა – ეროვნული კოდის შეცვლა, რუსების დერუსიფიკაცია და “მალორუსი” უკრაინელების ჩვენს წინააღმდეგ განწყობა თანდათან სიჩქარეს იკრეფდა. და თუ დასავლეთი უკრაინაზე სრულ გეოპოლიტიკურ და საომარ კონტროლს დაამყარებდა, მისი რუსეთში დაბრუნება, სულაც შეუძლებელი გახდებოდა. ამის გამო ბრძოლა მოგვიწევდა ატლანტიკურ ალიანსთან.

ახლა, ეს პრობლემა აღარ არსებობს – უკრაინა რუსეთს დაუბრუნდა. ეს არ ნიშნავს მისი სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციას, მაგრამ ყველაფერი გადაეწყობა, შეიცვლება და ის რუსულ სამყაროში თავის ბუნებრივ ადგილს დაუბრუნდება. რა საზღვრებსა და რა ფორმაში განმტკიცდება რუსეთთან კავშირი (ОДКБ- ის, ევრაზიის კავშირისა, თუ რუსეთისა და ბელორუსიის სახელმწიფოთა კავშირის ფარგლებში) ეს უკვე გადაწყდება, მას შემდეგ რაც უკრაინის, როგორც ანტი- რუსეთის არსებობის ისტორიას წერტილი დაესმება. ყველა შემთხვეაში, რუსული ერის განხეთქილების პერიოდი სრულდება.

და აი, აქ იწყება უკვე დამდგარი ახალი ეპოქის მეორე განზომილება – ეს შეეხება რუსეთის ურთიერთობას დასავლეთთან. რუსეთის კი არა, რუსული სამყაროსას, ანუ სამი ქვეყნის: რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის, რომლებიც გეოპოლიტიკური კუთხით როგორც ერთი, ისე წარსდგებიან. ეს ურთიერთობები გადავიდნენ ახალ ეტაპზე – დასავლეთი ევროპაში რუსეთის თავის ისტორიულ საზღვრებში დაბრუნებას ხედავს და ხმამაღალ აღშფოთებას გამოხატავს, მაგრამ გულის სიღრმეში, თავის თავს უნდა გამოუტყდეს, რომ სხვანაირად ვერც მოხდებოდა.

ნუთუ, ეროპის დედაქალაქებში, პარიზსა და ბერლინში სერიოზულად სჯეროდათ იმის, რომ მოსკოვი კიევზე უარს იტყვის? იმის, რომ რუსული ერი მუდმივად გახლეჩილი იქნება? თან ისეთ დროს, როცა ევროპა ერთიანდება, როცა გერმანელი და ფრანგი ელიტები ცდილობენ ანგლოსაქსებს ევროინტეგრაციაზე კონტროლში შეეცილონ და ევროპა გააერთიანონ? ივიწყებენ რა, რომ ევროპის გაერთიანება მხოლოდ გერმანიის გაერთიანების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც რუსების კეთილი( თუმცა არც ისე ჭკვიანური) ნება იყო. ამის შემდეგ, რუსეთის მიწებისკენ გამოწევა, მხოლოდ უმადურობის პიკი კი არა, გეოპოლიტიკური სისულელეცაა. არც მთლიან დასავლეთს და მითუმეტეს, მხოლოდ ევროპას არ ჰქონდა ძალა თავისი გავლენის ქვეშ მოექცია, ანდაც შეეერთებინა თავისთვის უკრაინა. ამას რომ ვერ ხვდებოდე, უბრალოდ გეოპოლიტიკური შტერი უნდა იყო.

უფრო სწორად, მათ(დასავლეთს) მხოლოდ ერთი ვარიანტი ჰქონდათ. გაეკეთებინათ ფსონი რუსეთის, ანუ რუსეთის ფედერაციის ჩამოშლაზე, მაგრამ ეს რომ არ მოხდებოდა ჯერ კიდევ ოცი წლის წინ უნდა მიმხვდარიყვნენ. ხოლო თხუთმეტი წლის წინ, პუტინის მიერ მიუნხენში ნათქვამი სიტყვის შემდეგ, ყრუც კი გაიგონებდა – რუსეთი ბრუნდება.

ახლა დასავლეთი რუსეთს სჯის იმის გამო, რომ ის დაბრუნდა, არ გაამართლა მათი გეგმები, სარგებელი ენახათ მის ხარჯზე, არ მისცა უფლება გაეფართოვებინათ დასავლური სივრცე აღმოსავლეთისაკენ. ილტვის რა ჩვენს დასასჯელად, დასავლეთი ფიქრობს, რომ მათთან ურთიერთობას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მაგრამ დიდი ხანია ეს უკვე ასე აღარ არის- მსოფლიო შეიცვალა, ამას მშვენივრად ხვდებიან არა მხოლოდ ევროპელები, არამედ ანგლოსაქსებიც, რომლებიც დასავლეთს მართავენ. არანაირი დასავლეთის წნეხი რუსეთზე არ იმოქმედებს. დაპირისპირების შედეგად, დანაკარგები ორივე მხრიდან იქნება, მაგრამ რუსეთი მორალურად და გეოპოლიტიკურად ამისათვის მზადაა. თავად დასავლეთისთვის კი დაპირისპირების გრადუსის მომატებას, უამრავი დანაკარგი მოაქვს, მათგან მთავარი კი სულაც არ იქნება ეკონომიკური.

ევროპას, როგორც დასავლეთის ნაწილს, სურდა ავტონომია – გერმანულ ეროინტეგრაციის პროექტს სტრატეგიულ აზრი აღარ აქვს, თუ ძველ სამყაროზე ანგლოსაქსების იდეოლოგიური, საომარი და გეოპოლიტიკური კონტროლი შენარჩუნდება. ვერ იქნება წარმატებული, იმიტომ, რომ ანგლოსაქსებს დაქვემდებარებული ევროპა სჭირდებათ. არადა, ავტონომიის მიღება სხვა მიზეზითაც აუცილებელია ევროპისათვის, იმ შემთხვევისთვის, თუ შტატები ( გაზრდილი შიდა კონფლიქტების და წინააღმდეგობების გამო) გადავა თვითიზოლაციაში, ან კონცენტრირდება წყნარი ზღვის რეგიონზე, საითაც უკვე გადაადგილდება გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრი.

რუსეთთან კონფრონტაცია, რომელშიც ევროპას ანგლოსაქსები ითრევენ, ევროპელებს დამოუკიდებლობის შანსსაც კი უკარგავს, იმაზე რომ აღარაფერი თქვათ, რომ ზუსტად ასევე ევროპას თავს ახვევენ, გაწყვიტოს ურთიერთობები ჩინეთთან. თუ ახლა ატლანტიკური ალიანსის წევრებს უხარიათ, რომ “რუსულმა საფრთხემ” დასავლური კავშირები გაამყარა, ე.ი. ბერლინსა და პარიზში ვერ ხვდებიან, რომ ატონომიაზე იმედის დაკარგვით, ევროპა უბრალოდ ჩამოინგრევა არც ისე დიდ დროში. ზუსტად ამიტომ დამოუკიდებლად მოაზროვნე ევროპელები, ახლა საერთოდ არ არიან დაინტერესებულნი თავიანთ აღმოსავლეთ საზღვარზე ახალი რკინის ფარდა ჩამოუშვან- ხვდებიან, რომ ეს იქნება ხაფანგი ევროპისათვის, რომლის გლობალური ლიდერობის საუკუნე (უფრო ზუსტად კი ნახევარი საუკუნე) ყველა შემთხვევაში დასრულდა, მაგრამ მისი არსებობის გაგრძელების განსხვავებული ვარიანტები ჯერ კიდევ არსებობს.

იმიტომ, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობის ტემპი აჩქარებულია- ეს მიმდინარე მოვლენების მესამე განზომილებაა. მისი კონტურები უკვე იკვეთება ჩამოშლილი ანგლოსაქსური გლობალიზაციის პროექტის მიღმა. მრავალპოლუსიანი სამყარო ბოლოსდაბოლოს რეალობა ხდება- უკრაინაზე განხორციელებული ოპერაცია ვერავის განაწყობს რუსეთის წინააღმდეგ, გარდა დასავლეთისა. იმიტომ, რომ დანარჩენი სამყარო მშვენივრად ხედავს და ხვდება- ეს რუსეთისა და დასავლეთის კონფლიქტია, ეს პასუხია ატლანტიკური ალიანსის მხრიდან გეოპოლიტიკურ ექსპანსიაზე, ეს არის რუსეთის მიერ თავისი ისტორიული სივრცისა და მსოფლიოში საკუთარი ადგილის დაბრუნება.

ჩინეთი და ინდოეთი, ლათინური ამერიკა და აფრიკა, ისლამური სამყარო და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია- არავინ თვლის, რომ დასავლეთი მართავს მსოფლიოს და მითუმეტეს, თამაშის წესებს გვიყენებს. რუსეთმა არა მარტო შეჯიბრში გამოიწვია დასავლეთი, არამედ, გვაჩვენა, რომ დასავლეთის გლობალური ბატონობის ეპოქა მთლიანად და საბოლოოდ დამთავრებულია. ახალ სამყაროს ყველა ცივილიზაციასთან და ცენტრალურ ძალებთან ერთად ავაშენებთ, რა თქმა უნდა, (დაშლილ, ან ერთიან) დასავლეთთან ერთადაც, მაგრამ არა მათ პირობებზე და არა მათი წესების მიხედვით”, – წერს მაჭარაშვილი.

https://webcache.googleusercontent.com/search?q=cache%3AybD2lDlvnp4J%3Ahttps%3A%2F%2Fria.ru%2F20220226%2Frossiya-1775162336.html%20&cd=1&hl=ru&ct=clnk&gl=nl&fbclid=IwAR1KkPE8XMdqIk6-JiDMvQOr6imT-YMq8xcD5IC7Ue9YBNLIMXezJgq-i6k


წყარო :tia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share