ბოლო ორი დღეა, რაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შედარებით შემცირდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული პარიტეტი დამყარდა, ახლო მომავალში ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს გარდამტეხი უპირატესობის მოპოვებას და ომი გაჭიანურდება. პარალელურად გააქტიურებულია დიპლომატიური არხები, თუმცა ანალიტიკოსებს სწრაფი დაზავების იმედი ჯერ არ აქვთ. 11-დღიანი საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი კი ისაა, რომ მნიშვნელოვნად შეირყა მითი რუსეთის უძლეველობის შესახებ.
თუმცა, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსები ძალების გადაჯგუფებას ახდენენ და ახალი მძლავრი შეტევისთვის ეზმადებიან. ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოწინააღმდეგის გეგმებზე უფრო კონკრეტული განცხადებაც გააკეთა. მისი ცნობით, ტყვედ ჩავარდნილი რუსი მფრინავების დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ რუსეთი ოდესის დასაბომბად ემზადება. ასევე უკრაინულ მხარეს ხელში ჩაუვარდა საბრძოლო რუკები, რომლებიც ადასტურებს, რომ უკრაინაზე შეტევა და უკრაინული ქალაქების დაბომბვა რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ თავიდანვე დაიგეგმა.
მან პარტნიორ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ლიდერებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების დახმარება უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა „მსოფლიომ უკრაინის ცა უნდა ჩაკეტოს”.
ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ კვირას გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის 12 ოლქში მდგომარეობა ასეთია:
ჟიტომირის ოლქში ღამით ორჯერ მოხდა საჰაერო თავდასხმა. ქალაქ კოროსტენში საჰაერო დარტყმის შედეგად 10 საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა (1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი). ქალაქ ოვრუჩიში დაინგრა 15 საცხოვრებელი სახლი. დაღუპულები და დაჭრილები არ არიან.
ხმელნიცკში თავდასხმები იყო სტაროკონსტანტინოვკის აეროდრომზე (2 დაჭრილი).
ჩერნიგოვში ღამით ინტენსიური საჰაერო თავდასხმები იყო. ქალაქის მისადგომებთან ბრძოლები მიდის.
პოლტავა – საჰაერო თავდასხმები იყო ლუბნაში, მირგოროდსა და უშუალოდ პოლტავაში.
ხერსონი – ვითარება შედარებით მშვიდია, მობილური კომუნიკაციები გამორთულია.
ლუგანსკი – ღამემ მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა. შაბათს ნაშუადღევს ძლიერი დაბომბვა მოხდა სევეროდონეცკის მიმდებარე სოფლებში. ეს სოფლები ახლა ქალაქიდან არის მოწყვეტილი და ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.
დონეცკი – ქალაქი მარიუპოლი ალყაშია მოქცეული, ასევე ვოლნოვახაც, მაგრამ შაბათს ვოლნოვახადან და ზოგადად რეგიონიდან 400-მდე ადამიანის გაიყვანეს.
ნიკოლაევი – ქალაქი დაიბომბა „ტორნადოებით”. არიან გარდაცვლილები. მთლიანობაში სიტუაციას უკრაინის არმია აკონტროლებს.
დნეპროპეტროვსკი – ერთი საჰაერო თავდასხმა ღამით.
ხარკოვი – შაბათს ღამით რეგიონულ ცენტრში ისევ აფეთქებები იყო.
კიევი – ბრძოლა მიმდინარეობდა ირპენში, გოსტომელში, მაკაროვში. რუსული არმიის მოძრაობა შეინიშნებოდა ბუჩას გასწვრივ, ნემიშაევსკაიას თემში. ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ჟიტომირის გზატკეცილის ტერიტორია.
გარდა ამისა, ოკუპანტებმა ქალაქ ხარკოვზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ასევე დაბომბეს ქალაქ ვინიცას აეროპორტი. რუსეთის ჯარმა კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ირპინიდან ევაკუაციისას მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა.დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დაშავებულია ერთი.
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 28 ბავშვია. მათივე ცნობით, უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ 1,5 მილიონს გადააჭარბა.
რა ხდება რუსეთში
რუსეთში ომის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, თუმცა მონაწილეებს ისევ აკავებენ. იზრდება იმ დასავლური კომპანიების რაოდენობა, რომლებიც სანქციების გამო რუსეთში მუშაობას აჩერებენ. ახლა უკვე „ვიზა” და „მასტერქარდი” რუსეთში საკუთარ საქმიანობას წყვეტენ.
რიგებია დასავლური ბრენდების იმ მაღაზიებში, სადაც პროდუქციის ბოლო ერთეულებია დარჩენილი. მაგალითად, გავრცელდა კურიოზული ვიდეო, სადაც „იკეას” მაღაზიის დახურვის წინა დღეს, ორი რუსი ერთ ნივთს ვერ იყოფს.
რუსეთში თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ფანჯარაც დახურეს. რადიოსადგური „ეხო მოსკვი” და ტელეარხი „დოჟდი” გათიშეს, მიუწვდომელია რამდენიმე ინტერნეტ პორტალი. რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს ომი არ უწოდოს.
ვრცელდება კადრებიც, სადაც სხვადასხვა ქარხნის მუშები გაიფიცნენ და საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ასევე რუსი ოლიგარქების ნაწილმა ომი საჯაროდ დაგმო.
თუმცა, რუსული საზოგადოების საერთო განწყობა ზოგადად მილიტარისტულია. ამაზე მეტყველებს რუსული ესტრადის ქართული წარმოშობის ვარსკვლავის, ვალერი მელაძის გარშემო აგორებული სკანდალი. მელაძეს 8 მარტს ჰქონდა მოსკოვში დაგეგმილი მასშტაბური კონცერტი და ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მომღერალმა ინტერნეტში ომის საწინააღმდეგო მიმართვა გაავრცელა, პასუხად თაყვანისმცელმებისგან აგრესიული კრიტიკა მიიღო და ხალხი მის კონცერტზე ნაყიდ ბილეთებს უკან აბარებს.
ახალი შუამავლები და შეთანხმების პერსპექტივა
ორშაბათს უკრაინა-რუსეთის მოლაპოარაკებების მესამე რაუნდია ჩანიშნული, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნალი კაკაჩია აცხადებს, რომ დიდ გარღვევას არ ელის, რადგან მხარეთა პოზიციებში ჯერ შეხების წერტილბიც კი არაა.
„მესამე რაუნდზე რაიმე გარღვევა ნაკლებად მოსალოდნელია. მხარეები ჯერჯერობით მზად არ არიან და არც კონფლიქტის დინამიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ ვინაიდან მეტ-ნეკლებად პარიტეტია – არც უკრაინა აგებს და რუსეთიც, როგორც ჩანს, ჯერჯერობით სიტუაციაში არაფერს არ თმობს – ნაკლებად მოსალოდნელია რაიმე სერიოზული გარღვევა, ორივე მხარეს საკმაო რესურსები აქვს.
„ალბათ საუბარი იქნება ჰუმანიტარულ კრიზისზე, მოსახლეობის ევაკუაციაზე, თუმცა, როგორც ბოლო დღეებში გამოჩნდა, ეს ძალიან რთულია, რადგან რუსეთი ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ისინი ამ კონფლიქტს თავის სასარგებლოდ გადაწყვტენ. ეს კი სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია, რადგან ფაქტია – უკრაინელემბა დაამტკიცეს, რომ ისინი საკუთარ სუვერენიტტს არ დათმობენ”, – განაცხადა კაკაჩიამ.
ომის პარალელურად შეძლებისდაგვარად გააქტიურებულია დიპლომატიური არხები და ამჯერად მეომარ მხარეებს შორის შამავლობა ისრაელმა იკისრა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა, შემდეგ კი ბერლინში გერმანიის ელჩს ოლაფ შოლცს შეხვდა.
ასევე მომავალ კვირას თურქეთში ანტალიის ფორუმი იმარტება, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთისა და უკრაინის საგარეო მინისტრები ჩადიან. საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა თურქეთში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს.
რეზონანსი