ფოტოზე: ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე)
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის განცხადებით, ხელისუფლებამ შესაბამისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს მოშიმშილე პატიმარს, ვინაობის განურჩევლად.
ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ეპარქია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და დასძენს:
“რა გვემართება მართლმადიდებლებს? მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი მხარე გავარჩიოთ, მაგრამ ნუთუ ისე ავცდით მაცხოვრის სწავლებას რომ, შიმშილობის მიზეზით, გნებავთ ცოდვილი ადამიანი კვდება და ვდუმვართ.
პოლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლი არავინ არ უნდა აღმოჩნდეს. ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს არა კონკრეტულ სახელსა და გვარს, არამედ მოშიმშილე პატიმარს — განურჩევლად”.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში ეპისკოპოსი დოსითეოს ბოგვერაძე მსახურობს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 35-ე დღეა, შიმშილობს. პროტესტის ამ ფორმას მიხეილ სააკაშვილმა მისი დაკავების შემდეგ მიმართა.
ექსპრეზიდენტის თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია, სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში უმკურნალონ.
ამ პოზიციას სახელმწიფო არ იზიარებს. მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს გადაიყვანენ მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში, რომელიც ყველა პირობას აკმაყოფილებს.
4 ნოემბერს, მე-18 დაწესებულების ხელახალი შემოწმების შემდეგ, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამეთვალყურეოდ შექმნილი მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.