ლანჩხუთელმა მეცნიერმა წიგნის გამოსაცემად შეგროვებული 1000 ლარი უკრაინის დახმარების ფონდში გადარიცხა!

ლანჩხუთელი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, ზოია ტუღუშმა წიგნის გამოსაცემად შეგროვებული თანხა _ 1000 ლარი უკრაინის დახმარების ფონდში გადარიცხა. “დღეს ჩვენი ბედი უკრაინის ბედს გადაჯაჭვია. მისი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება იქნება. ღმერთმა ნუ ქნას და მისი დამარცხება _ ჩვენი წელში გატეხა. მოგმართავთ, ვისაც რისი შეძლება გაქვთ, დავეხმაროთ გმირ უკრაინას. ზოგი შეძლებს სისხლის ჩაბარებას მამაცი უკრაინელი მეომრებისთვის, ზოგი – ფულად დახმარებას, ზოგიც მოხალისეების სახით უკრაინის ომში ჩაებმება“ _ ამბობს ქალბატონი ზოია.
მისივე თქმით, “ძალა ერთობაშია” და იგი დაამარცხებს რუსულ ფაშიზმს და მოიტანს აზროვნების თავისუფლებას, რომელზედაც აიგება ნამდვილი დემოკრატია თითოეულ თავისუფლებისმოყვარე ქვეყანაში: “ღმერთმა დალოცოს თავისუფლებისთვის თავგანწირული გმირი უკრაინელი ხალხი, რომლის მისია დღეს არა მარტო თავისი ქვეყნის, არამედ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების გადარჩენაა “წითელი საბჭოთა” პუტინიზმისგან. დიდება უკრაინას! არა _ რუსულ აგრესიას!“
შეგახსენებთ, რომ ზოია ტუღუშს გამოცემული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი, არის ავტორი შემდეგი წიგნებისა: ქარში გაფრენილი ნუგეში (ლექსები),  2004;  კრე ბული – მოგონებები  ნინოშვილზე, გურული ლექსიკა, 2008;  გურული  მელექსენი, 2013;  უსასრულო მოლოდინის სიმფონია (ლექსები), 2013; ლიტერატურული  წერილები,2014; ხელნაწერთა ენობრივი კვლევის სპეციფიკა  მუზეუმებში (ეგნატე  ნინოშვილის  მუზეუმის  გამოცდილებიდან),  2015; გურული ლექსიკის ხიბლი, 2016; ეთნოგრაფიული მასალები ნინოშვილის მუზეუმის ფონდიდან, 2017 და სხვ.გამოსაცემად მზად აქვს გურული დიალექტის ლექსიკონი.

წყარო: გურია თუდეი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share