ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის მიზნით, აშშ-მ რუსეთს, შესაძლოა, შეღავათიანი სავაჭრო სტატუსი, Most Favored Nation (MFN) შეუჩეროს, რაც თეთრი სახლის ადმინისტრაციას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენმა NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მთელ რიგ ზომებს განვიხილავთ, რომ პუტინზე ზეწოლა გავაგრძელოთ. ჩვენ ექსტრაორდინალური ზომები უკვე მივიღეთ. ეს კარგად ჩანს იმაში, რაც რუსეთის ეკონომიკაში ხდება. თუ კიდევ არის რაღაცეები, რაც უნდა გაკეთდეს აგრესიის შესაჩერებლად, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ამას თითოეულ ჩვენს მოკავშირესთან და პარტნიორთან ერთად გადავწყვეტთ. ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რაც ყველაზე ეფექტური იქნება,“ – აცხადებს ბლინკენი.
MFN არის სტატუსი ან რეჟიმის დონე, რომელსაც ერთი სახელმწიფო მეორეს საერთაშორისო ვაჭრობაში ანიჭებს. ქვეყანას, რომელიც არის ამ რეჟიმის მიმღები, თანაბარი სავაჭრო უპირატესობები ენიჭება, რაც დაბალ ტარიფებს ან იმპორტის მაღალ კვოტებს მოიცავს.
MFN-ის სტატუსის ერთმანეთისთვის მინიჭებაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წევრები თანხმდებიან. MFN მსო-ს სავაჭრო სამართლის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.